“დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ და “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ mona.ge-ს ახალი სია გამოაქვეყნეს. პარტიები აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის კორუფციული სქემა გამოავლინეს.
“ამ სქემის ცენტრში არის ალა კახნიაური, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ძმის, არჩილ მამაცაშვილის კლანის წარმომადგენელი და ბიზნესპარტნიორი. ის სააქციო საზოგადოება “დაზღვევის კომპანია ქართუს” ერთ-ერთი დამფუძნებელია. კონკრეტულად ამ კომპანიას ბიუჯეტიდან 6 მილიონ ლარზე მეტი აქვს მიღებული ტენდერების მეშვეობით, ხოლო ალა კახნიაურს შეწირული აქვს 85 000 ლარი. თავად არჩილ მამაცაშვილი, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი და უჩა მამაცაშვილის ძმა, ასევე “დაზღვევის კომპანია ქართუს” თანადამფუძნებელია, მას აქვს შეწირული 56 000 ლარი. კახა კობიაშვილი, ბიძინა ივანიშვილის დისშვილი – ისიც ამ კომპანიასთან არის დაკავშირებული და შეწირული აქვს 230 000 ლარი. ზურაბ კიკნაძე – ისიც ამ კომპანიის თანადამფუძნებელი და მამაცაშვილის კლანის წარმომადგენელია, მას აქვს შეწირული 250 000 ლარი და ლევან მჟავანაძე, ისიც კლანის წევრი და შეწირული აქვს 110 000 ლარი. ეს არის ამ კლანის ის ნაწილი, რომელიც ჩვენ დადასტურებულად ვნახეთ, რომლის სათავეშიც არის ალა კახნიაური და რომელიც სხვადასხვა კომპანიების მონაწილეობით იღებს ბიუჯეტიდან ფულს და მერ სწირავს პარტიას”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ზურა გირჩი ჯაფარიძის განცხადებით, ალა კახნიაურთან დაკავშირებულ პირებს ბიუჯეტიდან ჯამურად 450 მილიონ ლარზე მეტი აქვთ მიღებული და “ქართული ოცნების ყულაბაში შემოწირულობის სახით დაბრუნებული აქვთ 2,5 მილიონ ლარზე მეტი”.
“გირჩი-მეტი თავისუფლებისა” და “დროას” ლიდერების განცხადებით, ისინი მსგავსი კორუფციული სქემების შესწავლასა და მხილებას გააგრძელებენ.