საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჟერალდ დარმანინის თქმით, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებმა დღეს, 17 ივლისს აღმოსავლეთ საფრანგეთში დააკავეს ახალგაზრდა კაცი, რომელიც პარიზის ოლიმპიური თამაშების დროს თავდასხმის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი.
“ბრავო შინაგან საქმეთა სამინისტროს აგენტებს, რომლებმაც ულტრამემარჯვენეების ცალკეული წევრი, ოლიმპიური თამაშების დროს ძალადობრივი ქმედებების დაგეგმვაში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს. გავაგრძელებთ მუდმივ ბრძოლას ფრანგი ხალხის უსაფრთხოებისთვის”. – დაწერა დარმანინმა X-ზე.
ოფიციალური ინფორმაციის გავრცელებამდე Le Parisien წერდა, რომ ელზასის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც Telegram-ჯგუფის, ფრანგული არიული დივიზიონის ადმინისტრატორი იყო და ოლიმპიადაზე ძალადობრივი აქტის განხორციელებით იმუქრებოდა, ანტიტერორისტულ პოლიციაში იკითხებოდა.
ზაფხულის 33-ე ოლიმპიური თამაშები პარიზში 26 ივლისს დაიწყება და 11 აგვისტოს დასრულდება.
