გრიგოლია: კაცი, რომელიც მემუქრებოდა, ფსიქიატრიულიდან გამოუშვეს და ისევ მირეკავს

ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას ცნობით, კაცი, რომელიც წლების განმავლობაში ემუქრებოდა, ხონის ფსიქიატრიულიდან გამოუშვეს და მას ისევ ურეკავს. გრიგოლია წერს, რომ ამის შესახებ ის არ გაუფრთხილებიათ. ჟურნალისტის თქმით, დღეიდან თუ მას ან მისი ოჯახის რომელიმე წევრს “თმის ღერი მაინც ჩამოუვარდება”, პასუხისმგებლობას სახელმწიფოს აკისრებს.
“იცით, რომ წლების წინ და მრავალი წლის განმავლობაში მყავდა აკიდებული ვიღაც მანიაკი, რომელიც ფიზიკური ლიკვიდაციით მემუქრებოდა, რომელსაც აქვს აკვიატება ჩემზე და ამტკიცებს, რომ ჩემი შვილის მამაა და რომ ამ ვიღაც შვილს ჰქვია თამარი.
მოგეხსენებათ, ჩემს შვილს მარიამი ჰქვია, მისი მამა გარდაცვლილია, ამ მანიაკ კაცს კი საერთოდ არ ვიცნობ და არც ის ვიცი, საიდან აღმოცენდა.. ესეც მიგახვედრებთ, რა აბსურდში ვარ… სიგიჟეებს ამტკიცებს და მე მიწევს ამ შეურაცხმყოფელი სიგიჟეების ატანა.
იცით ეს ამბავი და ძველ დეტალებს აღარ დავწერ… შესწავლილი აქვს დედაჩემის, მამაჩემის სახელები, საცხოვრებელი მისამართები, რაც მიჩენს ეჭვს, რომ უბრალოდ, ავადმყოფი არაა…კარგად დამუშავებული ავადმყოფია..
უამრავი წელი მიწევდა პოლიციაში საჩივრების წერა, პოლიციის ჩართვა, რომ ეს მანიაკი არ გამკარებოდა… როგორც იქნა, რამდენიმე წლის წინ, როცა სოცოცხლის ხელყოფის მუქარებზე გადავიდა, დაიჭირეს (გიორგი გახარია იყო მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი და მადლობა მას ამისთვის, პირადად ჰყავდა აყვანილი კონტროლზე ჟურნალისტზე მუქარის და აკიდების ეს ფაქტი, თავიდან ბოლომდე ჩართული იყო ლონდა თოლორაიაც)… საბოლოოდ, ეს მანიაკი კაცი დაიჭირეს და ფსიქიატრიული ექსპერტიზის პასუხის მიხედვით, მოათავსეს ხონის ფსიქიატრიულში.
პერიოდულობით მე და ჩემი ადვოკატი, სალომე ჯანუაშვილი, ვაკონტროლებდით ხოლმე, რადგან შიგადაშიგ იქიდანაც ფიქსირდებოდა ხოლმე ზარების შემთხვევები. მეტნაკლებად მშვიდად ვიყავი, რადგან ვიცოდი, რომ ხონში ჰყავდათ..
მეორე დღეა, ისევ დაიწყო ზარები და სმს-ების გამოგზავნა და ჰოი საოცრებავ, აღმოვაჩინე, რომ გამოუშვიათ და ის მომენტალურად დაუბრუნდა ჩემზე ფსიქოლოგიური ტერორის განხორციელებას (რა უცნაურია, რომ მაინცდამაინც ამ წინასაარჩევნო პერიოდს დაემთხვა. ისევე როგორც ადრე, მისი განსაკუთრებული შემოტევები ემთხვეოდა ხოლმე კრიზისულ პოლიტიკურ სიტუაციებს… ხო, ყაჩაღობაზეა ნასამართლევი და რეციდივისტია, კოშმარი კაცია ვიღაც).
მთავარი ამბავი ისაა, რომ ავადმყოფი კაცი, რომელიც სიცოცხლის მოსპობით მემუქრებოდა, ისე გამოუშვეს, ძალადობის მსხვერპლმა ანუ მე, არ ვიცოდი, არავინ შემატყობინა…მოკლედ, ყველაფერი ახლიდან დაიწყო..
ახლა რატომ ვწერ – დღეიდან თუ მე ან ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს თმის ღერი მაინც ჩამოუვარდება, თუ რამე შემემთხვევა, პასუხისმგებლობას ვაკისრებ სახელმწიფოს! სისტემა იქნება დღეიდან პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც შეიძლება შემემთხვეს!!! სისტემა, რომელიც ძაღლად არ აგდებს ძალადობის მსხვერპლს, გააფრთხილოს, რომ საფრთხე ისევ რეალურია.
ძალადობის გამო რომ ქალებს პანტაპუნტით ხოცავენ, იმ ქვეყანაში, შესაბამისი სტრუქტურები ანგარიშვალდებულებასაც კი ვერ გრძნობენ, ძალადობის მსხვერპლი ქალი ჩააყენონ საქმის კურსში, რომ მოძალადე გაათავისუფლეს!!!
არცერთი წამით არ დავიჯერებ, რომ შემთხვევით ხდება ეს ყველაფერი მაინცდამაინც ახლა…
მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, ყველა შესაბამის სტრუქტურას – იმოქმედეთ დაუყონებლივ! აღკვეთეთ მოძალადის ტერორი (პირადად მოწერას ასე ვარჩიე, საჯაროობა ამ დროს ყველაზე სწორი მგონია).
პოლიციაში რომ განცხადებები ხელახლა უნდა ვწერო და ვიბრძოლო სიცოცხლისთვის და მორალური ტერორის აღსაკვეთად, ამის წარმოდგენაც კი მზარავს, ჯოჯოხეთია ქალებისთვის ეს პროცესი და ეს ქვეყანა, მაგრამ სხვა გზა არაა… ამტკიცო რომ ძალადობის მსხვერპლი ხარ, ამაზე რთული და საშინელი პროცესი არაფერია. საშინელი და დაუსრულებელი პროცესია, ვისაც გამოუცდია, გამიგებს… ძალიან შეურაცხმყოფელი პროცესია ამავდროულად, ამტკიცო, რომ არ იცნობ მოძალადეს, რომ არასოდეს გქონია შეხება და ა.შ” – წერს ჟურნალისტი.
2018 წლის 20 მაისს ინგა გრიგოლიამ ფეისბუქზე დაწერა, რომ წლებია, მუქარის, შანტაჟის და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლია, რის გამოც აპირებს, შეიარაღებულმა იაროს. მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დახმარებას მრავალი წელი უშედეგოდ სთხოვდა. ამის შემდეგ, -მ გამოძიება მუქარის მუხლით დაიწყო და ინგა გრიგოლია გამოკითხა. 21 მაისს კი, მუქარაში ბრალდებული დააკავეს და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ერთ თვეში, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ივნისის განჩინებით ბრალდებულ რ.ნ.-ს მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა და მას იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა დაენიშნა. მას ბრალდებულის სტატუსიც მოეხსნა.
“დადგინდა, რომ რ.ნ-ს აქვს ქრონიკული ფსიქიკური აშლილობა, მას არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის.
სისხლის სამართლის კოდექსის 34-ე მუხლის თანახმად, მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ შეერაცხება ბრალად იმას, ვისაც ამ ქმედების ჩადენის დროს ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობის გამო არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა ანდა ეხელმძღვანელა მისთვის, რაც ნიშნავს იმას, რომ შეურაცხადობა ფსიქიკური დაავადების გამო წარმოადგენს ბრალის გამომრიცხველ გარემოებას” – აცხადებდა პროკურატურა.