საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს გაცილება მოუწყო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა გაცილების ღონისძიება გაიმართა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციით, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის 2023-2024 სასწავლო წლის 160 კურსდამთავრებულს სწავლის დასრულება დეკანმა, აკადემიკოსმა ედიშერ კვესიტაძემ მიულოცა.
„სოფლის მეურნეობა საქართველოს ეკონომიკის უძველესი დარგია. იმისათვის, რომ დარგის საბაზრო კომპონენტი კარგად განვითარებულად ჩაითვალოს, აუცილებელია მაღალკვალიფიციური კადრები. სიამაყით ვაცხადებ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სტუდენტებს აძლევს საშუალებას მიიღონ ევროპული სტანდარტის განათლება, რაც მათი პროფესიონალიზმის გარანტიაა. ჩვენი კურსდამთავრებულები წარმატებით მოღვაწეობენ როგორც ადმინისტრაციული, ასევე სამეცნიერო მიმართულებით. აგრარულ სექტორში ჩვენს კურსდამთავრებულებზე დიდი მოთხოვნაა, რაც განსაკუთრებულად გვიმაღლებს მოტივაციას. კიდევ ერთხელ გილოცავთ სწავლის დასრულებას და წარმატებებს გისურვებთ”, – განაცხადა დეკანმა.
ინფორმაციისთვის, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე, საუნივერსიტეტო სწავლების სამივე საფეხურზე, 2000-მდე სტუდენტი სწავლობს და აგრარული მიმართულების 22 საგანმანათლებლო პროგრამა ფუნქციონირებს, მათ შორის, პროგრამა – „სატყეო საქმე“ რეგიონში ერთადერთია.
სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე, აგრარული მეცნიერებების განვითარების მიზნით, ფაკულტეტზე მოქმედი საბაკალავრო პროგრამები: აგრარული ტექნოლოგიები; მევენახეობა და ენოლოგია; მეცხოველეობა; ნიადაგისა და წყლის რესურსების ინჟინერია; სასურსათო ტექნოლოგია; სატყეო საქმე; აგრონომია; აგროინჟინერია სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ფაკულტეტზე სამი, ორდიპლომიანი პროგრამა მოქმედებს. 2019 წელს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფრანგული უნივერსიტეტის – Universite de RENNES 1-ის თანამონაწილეობით განხორციელდა ორდიპლომიანი საბაკალავრო პროგრამა (წარმოების მენეჯმენტი რძის მრეწველობაში). ამ პროგრამის ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტების პროგრამებში მონაწილეობს. პროგრამა 60 კრედიტიან მოდულს მოიცავს და ლექციები ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს. სასწავლო კურსს, ფრანგ კოლეგებთან ერთად, ქართველი პროფესორ-მასწავლებლებიც წარმართავენ და სტუდენტები სწავლის პროცესში ყველა იმ კომპონენტს გადიან, რასაც მათი ფრანგი თანატოლები. ამ მოდულის დასრულების შემდეგ კი, ისინი ორ – ფრანგული უნივერსიტეტისა და სტუ-ის დიპლომს იღებენ. ფაკულტეტზე ფუნქციონირებს ასევე, მევენახეობა-ენოლოგიის ორდიპლომიანი საბაკალავრო პროგრამა მილანის უნივერსიტეტთან. სტუდენტმა 60 კრედიტი უნდა გაიაროს იტალიაში, რომ მიიღოს ორი დიპლომი. ამ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია იტალიური ენის ცოდნა. 2021 წლიდან სტუ-ის სამაგისტრო პროგრამა – მევენახეობა და ენოლოგია გახდა ევროპული ანალოგიური სამაგისტრო პროგრამა EMAVE-ს კონსორციუმის წევრი. კონსორციუმის შემადგენლობაში არიან საფრანგეთის, პორტუგალიის, გერმანიის, ესპანეთის, იტალიის და შვეიცარიის უნივერსიტეტები. ამ პროგრამის სტუდენტებს აქვთ უნიკალური საშუალება ორი, ქართულ-ფრანგული დიპლომი აიღონ. სტუდენტები ერთი წლით მიდიან კონსორციუმის წევრ ნებისმიერ ქვეყანაში, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს მევენახეობა-ენოლოგიის სფეროში ევროპული განათლება მიიღონ და სამაგისტრო ნაშრომი მოამზადონ.

ასევე დაგაინტერესებთ

საია-ს თავმჯდომარე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე – სამართლებრივი ბრძოლა არ შეგვწყვეტია – სხვა მექანიზმებსაც გამოვიყენებთ, რომელიც საბოლოოდ მიიყვანეს ქვეყანას იქამდე, რომ რუსული კანონი გაუქმდება

გიგი უგულავა – 7 ოქტომბერს, „ქართულმა ოცნება“ საიდუმლო შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი ოპოზიციური ამომრჩევლის განეიტრალება იყო – კერძოდ, 25 ოქტომბერს პირადობის მოწმობების წართმევა და 27-ში დაბრუნება

DRI – განსაკუთრებით აგრესიული გახდა რუსეთის შეუნიღბავი ანექსიური პოლიტიკა აფხაზეთის მიმართ – მოსალოდნელი საფრთხის მასშტაბის გათვალისწინებით, ხელისუფლების მიერ ფორმალური კრიტიკული შეფასება არასაკმარისი და არაეფექტიანია

ანა წითლიძე – ენგურჰესის დირექტორი თანამშრომლებს პირადობის მოწმობებს ართმევს და რუს ოკუპანტებთან მოლაპარაკებას აწარმოებს ენგურის ხიდის ჩაკეტვაზე, რათა დევნილებმა არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღონ – გვაქვს მტკიცებულებები