ფიზიკაში ევროპის ოლიმპიადას (EuPhO 2024) წელს საქართველო მასპინძლობს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) ორგანიზებით, მიმდინარე წლის 15-19 ივლისს, ქუთაისი ფიზიკაში ევროპის მე-8 ოლიმპიადას (EuPhO 2024) მასპინძლობს.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ცნობით, ოლიმპიადა 15 ივლისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცერემონიების დარბაზში გაიხსნა.
ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ლევან კიკნაველიძე, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) რექტორი ალექსანდრე თევზაძე, EuPhO-ის პრეზიდენტი იან კალდა, EuPhO 2024-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარეები მაგდა მაღრაძე და დავით ნიშნიანიძე, EuPhO 2024-ის საორგანიზაციო კომიტეტის კოორდინატორი გენადი მარგველაშვილი, ოლიმპიადის სამეცნიერო და აკადემიური კომიტეტების წევრები, კონკურსანტები და მოწვეული სტუმრები.
„წლევანდელი ოლიმპიადა აერთიანებს 55 ქვეყნის 400-ზე მეტ წარმომადგენელს. კონკურსანტები და მათი ლიდერები ერთი კვირის განმავლობაში იცხოვრებენ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქში და იასპარეზებენ ფიზიკის ოლიმპიადაზე. ასევე, მონაწილეებისთვის დაგეგმილია სხვადასხვა სახის შემეცნებითი ღონისძიება. ოლიმპიადის გამარჯვებულები 19 ივლისს გამოვლინდებიან და ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებითა და საპატიო დიპლომებით დაჯილდოვდებიან.
ევროპის ოლიმპიადა ფიზიკაში (EuPhO 2024) ერთ-ერთი პრესტიჟული და წარმატებული ტურნირია საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში, რომელიც 8 წლის წინ ესტონეთში დაფუძნდა. წლების განმავლობაში ოლიმპიადამ არაერთი ნიჭიერი და გამორჩეული ახალგაზრდა გამოავლინა.
აღნიშნულ ოლიმპიადაზე სამინისტროს დაფინანსებით, ექვსჯერ მონაწილეობდა საქართველოს გუნდი. ქართველ მოსწავლეებს მოპოვებული აქვთ ოცდაორი მედალი, მათ შორის ორი ოქრო, თერთმეტი ვერცხლი და ცხრა ბრინჯაო. აქედან 2022 წელს რიგით მეხუთე ოლიმპიადაზე, 37 მონაწილე ქვეყანას შორის საქართველოს ნაკრებმა მოიპოვა ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი, რაც ოლიმპიადების განმავლობაში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია.
EuPhO 2024-ის ორგანიზატორია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ოლიმპიადა იმართება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მხარდამჭერები არიან საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი და კომპანიები: „ციტადელი“,“ ვინსენტი“ და „ავერსი“.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ: https://eupho2024.kiu.edu.ge/“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

საია-ს თავმჯდომარე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე – სამართლებრივი ბრძოლა არ შეგვწყვეტია – სხვა მექანიზმებსაც გამოვიყენებთ, რომელიც საბოლოოდ მიიყვანეს ქვეყანას იქამდე, რომ რუსული კანონი გაუქმდება

DRI – განსაკუთრებით აგრესიული გახდა რუსეთის შეუნიღბავი ანექსიური პოლიტიკა აფხაზეთის მიმართ – მოსალოდნელი საფრთხის მასშტაბის გათვალისწინებით, ხელისუფლების მიერ ფორმალური კრიტიკული შეფასება არასაკმარისი და არაეფექტიანია

ანა წითლიძე – ენგურჰესის დირექტორი თანამშრომლებს პირადობის მოწმობებს ართმევს და რუს ოკუპანტებთან მოლაპარაკებას აწარმოებს ენგურის ხიდის ჩაკეტვაზე, რათა დევნილებმა არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღონ – გვაქვს მტკიცებულებები