გაფიცვის მე-6 დღეს “ევოლუშენ ჯორჯიას” თანამშრომლები სოლიდარობის აქციას გეგმავენ

6 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც “ევოლუშენ ჯორჯიას” თანამშრომელთა ნაწილი გაიფიცა. გაფიცულთა მთავარი მოთხოვნა ღირსეული სამუშაო პირობებია.
დღეს, 17 ივნისს, საღამოს 7 საათზე. კომპანიის ოფისის წინ [მექანიზაციის #1] გაიმართება სოლიდარობის აქცია. გაფიცულები მოქალაქეებს მათ მხარდასაჭერად იწვევენ.
“ევოლუშენში” დასაქმებულთა პროფკავშირის, ევო-კავშირის წევრის, მახარე პატაშურის თქმით, გაფიცულთა ზუსტი რაოდენობის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. თუმცა, პირადი დაკვირვებით ამბობს, რომ მათი რაოდენობა მზარდია. გარდა ამისა, პატაშურის ინფორმაციით, ამ 6 დღის განმავლობაში კომპანიას გაფიცულებთან კომუნიკაცია არ ჰქონია. თუმცა, გაფიცვის შესახებ საუბრობს იმ თანამშრომლებთან, რომლებიც აგრძელებენ მუშაობას.
“გაფიცვა მშვენივრად მიდის. ხალხი გვემატება და გვემატება. მენეჯმენტი ისევ ჩუმად არის. გავრცელდა ინფორმაცია, რომ 50 დასაქმებული [ვინც არ არის გაფიცული] dაიბარეს მთავარ ოფისში გაფიცვასთან დაკავშირებით სასაუბროდ. როგორც ჩანს, უკვე ხვდებიან, რომ ცუდად აქვთ საქმე და “დატრენინგება” უნდათ ხალხის”. რაც შეეხება გაფიცულთა რაოდენობას, ჩვენ ვითვლით გაფიცულებს იმის მიხევდით, თუ რამდენი ადამიანი არ შედის შენობაში იმიტომ, რომ ყველა გარეთ არ დგას ხოლმე. მერყეობს ეს რიცხვი. მაგალითად, გუშინ წინ [15 ივლისს], შუადღის ცვლაში 70% არ იყო, გუშინ [16 ივლისს] – 60%”, – უთხრა “ნეტგაზეთს” ევო-კავშირის წარმომადგენელმა.
ის, რომ გაფიცულთა რიცხვი ცვალებადია, ადასტურებენ თავად “ევოლუშენ ჯორჯიაშიც”. კომპანიაში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ ამ ეტაპზე გაფიცულია თანამშრომელთა 10%-მდე, ანუ 800-მდე ადამიანი.
გაფიცულებთან თანამშრომლების შესაძლებლობებზე და პრობლემის აღმოფხვრის გეგმებზე საუბრისგან კომპანია ამ ეტაპზე თავს იკავებს. დასაქმებულთა პროფკავშირის წევრები კი აცხადებენ, რომ გაფიცვა გაგრძელდება “იმდენ ხანს, რამდენი ხანიც დასჭირდება დასაქმებულების შრომითი უფლებების მოგვარებას”.
გაფიცვის მიზეზების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით მასალას: მუშაობა წაქცევამდე და სახიფათო სიბინძურე — რას ჰყვებიან „ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომლები

ასევე დაგაინტერესებთ

თენგიზ ფხალაძე – რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება