კახეთის რეგიონში ხორბლის მოსავლის აღების პროცესი აქტიურ ფაზაშია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი ხორბლის მოსავლის აღების პროცესს გაეცნენ და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„წელს გაცილებით უკეთესი მოსავალი გვაქვს, ვიდრე შარშან. საჰექტარო მოსავლიანობის კუთხით, 2024-ში გვექნება რეკორდული მაჩვენებელი – 3 ტონაზე მეტი, რაც ბოლო წლების განმავლობაში არ გვქონია და რაც ძალიან კარგია. ჩვენ რამდენიმე მიმართულებით ვეხმარებით ხორბლის მწარმოებელ ფერმერებს. ეს ეხება ტექნიკით უზრუნველყოფასაც. 60 ერთეულამდე ახალი კომბაინია სახელმწიფოს მხარდაჭერით ქვეყანაში შემოტანილი. ამ მიმართულებით ფერმერებს პრობლემა არ შექმნიათ; ფერმერებმა მომსახურება დროულად მიიღეს“, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის ნიკოლოზ ჯანიაშვილის განცხადებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლებაც აქტიურად არის ჩართული მიმდინარე პროცესში, რომ ფერმერებს ჰქონდეთ მაქსიმალური ხელშეწყობა და ხორბლის აღება-დაბინავება ორგანიზებულად მოხდეს.
სამინისტროს ცნობით, ოთარ შამუგია ფერმერ ნუგზარ ალუღიშვილის ნათეს ფართობზე იმყოფებოდა, სადაც ხორბლის მოსავლის აღების პროცესს დაესწრო. მათივე განმარტებით, ფერმერს 700 ჰა-ზე აქვს ხორბალი დათესილი.
„ნუგზარ ალუღიშვილმა ერთწლოვანი კულტურების მოყვანისათვის შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა; ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიზნობრიობით სესხის თანხამ 100,000 ლარი შეადგინა. ამავე პროგრამის საშუალებით შეიძინა 4 ერთეული ტრაქტორი, რომლის ფარგლებშიც 563,000 ლარი აგროკრედიტი აიღო.
როგორც ფერმერმა ნუგზარ ალუღიშვილმა განაცხადა, 2023 წელს მოსავლიანობა 1 ჰა-ზე 3 ტონას აღწევდა, წელს კი, 1 ჰა-ზე 4.5 ტონას მიიღებს. აღნიშნული ზრდა სწორმა ტექნოლოგიურმა მიდგომამ და კლიმატურმა პირობებმა განაპირობა.
აღსანიშნავია, რომ წელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილია საკოორდინაციო ჯგუფი, რომელშიც ჩართული არიან შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლები“.- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

თენგიზ ფხალაძე – რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება