აფხაზეთში ხელი მოაწერეს აფხაზური გვარების აღდგენის პროგრამას

“აფსნიპრესის” ინფორმაციით, ს დე ფაქტო რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრომ და რეპატრიაციის სახელმწიფო კომიტეტმა ხელი მოაწერეს უწყებათაშორისი თანამშრომლობის პროგრამას ეთნიკური აფხაზების (აბაზა) აფხაზური გვარების აღდგენის უფლებების განხორციელების უზრუნველსაყოფად.
აღნიშნული პროგრამის მიზანია ისტორიული სამართლიანობის აღდგენა, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის, აფხაზი ხალხის ეთნიკური იდენტობის შენარჩუნება და აფხაზური გვარების აღდგენის პროცედურის დასრულება.
როგორც იუსტიციის სამინისტროს [დე ფაქტო] პრესსამსახური იუწყება, პროგრამა მიზნად ისახავს ეთნიკური აფხაზების, რუსულ-კავკასიური და რუსულ-თურქული ომებისა და მე-19 საუკუნის სხვა მოვლენების შედეგად აფხაზთა საცხოვრებლის ტერიტორიიდან წასული ლტოლვილთა შთამომავლების უფლებების დაცვის უზრუნველყოფას აფხაზური გვარების აღდგენის მიზნით.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს ე.წ. იუსტიციის მინისტრმა ანრი ბარციცმა და რეპატრიაციის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარემ ვადიმ ხარაზიამ.