როგორ (არ) რეაგირებს სახელმწიფო გენდერულად მოტივირებულ დანაშაულებზე — საიას კვლევა

მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები ახალისებენ გენდერული ნიშნით მოტივირებულ დისკრიმინაციას, ძალადობის მსხვერპლთა მხარდამჭერი სერვისები არასაკმარისია – ეს არის ძირითადი მიგნებების ნაწილი კვლევისა, რომელიც “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” დღეს, 17 ივლისს გამოაქვეყნა.
კვლევა შეისწავლის საქართველოში, გენდერული ნიშნით მოტივირებული ძალადობაზე სახელმწიფოს რეაგირების ეფექტიანობას, კანონმდებლობასა და პრაქტიკას.
გენდერული ნიშნით მოტივირებული ძალადობა არის ისეთი ძალადობა, რომლის მსხვერპლები ადამიანები მისი გენდერული იდენტობის გამო ხდებიან. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ტიპის ძალადობის მსხვერპლები, ძირითადად, ქალები ხდებიან, ეს ტერმინი, ხშირად, გაიგივებულია ქალთა მიმართ ძალადობასთან.
· კანონმდებლობა
გენდერულად მოტივირებული ძალადობის შესახებ ქართული კანონმდებლობა, რიგ შემხვევებში, არ შეესაბამება სტამბოლის კონვენციას. ეს არის ევროპის საბჭოს კონვენცია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ. საქართველო კონვენციას 7 წლის წინ, 2017 წელს შეუერთდა. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა ვალდებულია, კანონმდებლობა და პრაქტიკა შეუსაბამოს კონვენციის დებულებებს. თუმცა, ეს ასე არ ხდება.
მაგალითად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში არსებული გაუპატიურების განმარტება არ შეესაბამება კონვენციას, რის გამოც, მთელ რიგ შემთხვევებში, დამნაშავე დაუსჯელი რჩება. იგივე მდგომარეობაა ადევნების შესახებ მუხლთან დაკავშირებითაც.
ქართული კანონმდებლობა კრძალავს უკანონო აბორტს, თუმცა კოდექსი არ არის საუბარი იძულებითი აბორტის შესახებ. ასევე, არ გვაქვს მუხლი ეკონომიკური ძალადობის დანაშაულად კვალიფიკაციის შესახებ.
კვლევა შეეხო “ქართული ოცნების” ჰომოფობიურ და ცენზურის დამაკანონებელ კანონპროექტს, რომელიც მმართველმა პარტიამ ოჯახებისა და ბავშვების დაცვის საბაბით დააინიციირა. საიას შეფასებით, კანონპროექტი დისკრიმინაციულია და ახალისებს ძალადობას.
· სტატისტიკა
კვლევაში დადებითადაა შეფასებული ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველწლიურად, ერთიანი ანგარიშიც სახით, აქვეყნებს დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკის შესახებ. თუმცა, აქვეა აღნიშნული, რომ სტატისტიკა არ შეიცავს ანალიტიკურ ნაწილს.
“მონაცემთა ცალკეული ასპექტების დროში ცვალებადობას, ტენდენციებსა და გამოწვევებს საქართველოს პროკურატურა აანალიზებს და აქვეყნებს. თუმცა, საჭიროა, სტატისტიკის გაერთიანებულ ანგარიშს ერთოდეს ანალიტიკური ნაწილი, რომელიც მონაცემების კონტექსტუალიზაციას უზრუნველყოფს”, – წერია დოკუმენტში.
· პრევენცია
“დეპუტატების მხრიდან მათი კოლეგა ქალი პოლიტიკოსების გენდერულად მოტივირებული შეურაცხყოფა საქართველოს პარლამენტში დამკვიდრებული პრაქტიკაა, რაც საზოგადოებაში სექსიზმის ნორმალიზებას ამკვიდრებს”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.
გარდა ამისა, ხაზგასმულია, რომ რუსული კანონი მოქალაქეებს ართმევს იმ პრევენციული სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობას, რომელსაც მათ არასამთავრობო, უფლებადამცველი ორგანიზაციების სთავაზობენ. ერუსული კანონი ეწინააღმდეგება სტამბულის კონვენციასაც.
· გენდერულად მოტივირებული ძალადობის გამოვლენა და მასზე რეაგირება
დაბალია ძალადობაგამოვლი ადამიანების მიმართვიანობა სამართალდამცველი სტრუქტურებისადმი. ამის მიზეზად დასახელებულია სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ უნდობლობა და დახმარების სერვისების შესახებ ინფორმაციის არქონა.
პრობლემურია სამედიცინო, საგანმანათლებლო და სამართალდამცავი ინსტიტუტების კოორდინირებული მუშაობა გენდერულად მოტივირებული ძალადობის გამოვლენის მიზნით. გამოწვევაა ძალადობის რისკების წინასწარი შეფასება.
კვლევა დადებითად აფასებს ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების პრაქტიკის ზრდას. ასევე, დანაშაულების გამოძიებისას გენდერული მოტივის გამოკვეთის მიმართულებით არსებული პროგრესი.
გამოწვევაა ქალი სამედიცინო ექსპერტების ნაკლებობა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სქესობრივი ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის. პრობლემატურია, როდესაც საქალწულე აპკის ექსპერტიზაზე დაყრდნობით დგინდება, მოხდა თუ არა გაუპატიურება – “ამგვარმა პრაქტიკამ, შესაძლოა, დამნაშავის დაუსჯელობა ანდა მსხვერპლის მეორეული ვიქტიმიზაცია გამოიწვიოს”.
· საქმისწარმოება სასამართლოში
დოკუმენტი პრობლემურად აფასებს იმას, რომ შესაძლო გენდერულად მოტივირებული დანაშაულების საქმეებს განიხილავენ ისეთი მოსამართლეებიც, რომლებიც ამ მიმართულებით არ არიან სპეციალიზებულები. თუმცა, დადებითი ტენდენციაა პროკურორების შემთხვევაში. ამის შედეგი კი არის ის, რომ “წინა წლებთან შედარებით, გაიზარდა ბრალდების მხარის მიერ გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივზე მითითება და ბრალდებულისთვის მკაცრი სახის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნა”.
· დამნაშავის ქცევის კორექცია
“გენდერულად მოტივირებული ძალადობის ჩამდენ პირთა ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული პროგრამების დანერგვის კუთხით გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, კვლავ არ არსებობს სპეციალური პროგრამა სქესობრივი დანაშაულის განმახორციელებელთათვის”, – წერია დოკუმენტში.
გარდა ამისა, მსჯავრდადებულისთვის ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული კურსის გავლა სავალდებულო მხოლოდ პირობითი მსჯავრის შემთხვევაშია.
· მსხვერპლის მიერ კომპენსაციის მიღება
“სახელმწიფოს მიერ გაცემული კომპენსაციის მაქსიმალურ ოდენობად განისაზღვრება 10 000 ლარი, რაც, გარკვეულ შემთხვევებში, არ შეიძლება ჩაითვალოს პროპორციულ კომპენსაციად”, – აღნიშნულია დოკუემენტში.
· მსხვერპლის მხარდაჭერა
კვლევა დადებითად აფასებს იმას, რომ სახელმწიფო თავშესაფრებში მოსახვედრად აღარაა საჭირო დაზარალებულის სტატუსი და გადაწყვეტილების მისაღებისას ადამიანის რეალური საჭიროებები ფასდება. თუმცა, აქვეა აღნიშნული, რომ პრაქტიკაში ეს საჭიროებები საკმაოდ მკაცრი კრიტერიუმებით განისაზღვრება, რაც ამ ცვლილების მიზანს ეწინააღმდეგება.
სახელმწიფოსგან არასაკმარისი დაფინანსების და ადგილების სიმწირის გამო, ვერ ხერხდება თავშესაფრის ყველა მაძიებლის დაბინავება შესაბამის დაწესებულებაში. დაბინავების შემთხვევაში კი არასაკმარისია მათთვის განსაზღვრული სერვისები. თავშესაფრები ვერ უზრუნველყოფს ტრანსგენდერებისთვის საჭირო სერვისებს. ქვეყანაში ბევრად ნაკლები თავშესაფარია, ვიდრე ამას საჭიროება მოითხოვს.
პრობლემაა, რომ თავშესაფრის დატოვების შემდეგ ბენეფიციარებს არ გააჩნიათ საცხოვრებელი და სამუშაო ადგილი.
არ არსებობს გაუპატიურების მსხვერპლთათვის ცალკე კრიზისული ცენტრები თუ თავშესაფრები. არ არსებობს ცალკე თავშესაფარი კაცებისთვის.
· საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებები
“ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის გადაწყვეტილებების ანალიზი მიუთითებს სისტემურ პრობლემებზე ოჯახში ძალადობის შემთხვევების პრევენციის, მათზე რეაგირებისა და გამოძიების კუთხით”, – წერია დოკუმენტში.
· გენდერულად მოტივირებული ძალადობის გაშუქება
“მედიაში კვლავ არსებობს გენდერულ სტერეოტიპები. ზოგ შემთხვევაში, მედიის მხრიდან აქცენტი კეთდება მსხვერპლის ქცევაზე და არა მოძალადის მიერ ჩადენილ ქმედებებზე. ასევე, სიუჟეტები გადმოცემულია არასაკმარისი მგრძნობელობით, რაც ხშირად იწვევს მეორეულ ვიქტიმიზაციას და ძალადობის ტრივიალიზაციას”, – ვკითხულობთ კვლევაში.
კვლევაზე მუშაობის დროს საიამ გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია 19 სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისგან. ორგანიზაციამ, ჯამში, გააგზავნა 39 წერილი. მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ზოგ შემთხვევაში საერთოდ ვერ მიიღო პასუხი უწყებისგან, ზოგჯერ კი მიღებული პასუხები სრულად არ პასუხობდა დასმულ კითხვას. დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ ინფორმაციის მიწოდების განსაკუთრებული პრობლემა სასამართლოსთან შეექმნათ:
“არცერთ მათგანს ისინი არ მოუწოდებია, რასაც მოთხოვნილი ინფორმაციის დამუშავებისთვის საჭირო რესურსის არარსებობით ასაბუთებდნენ. ამიტომ, ამ ნაწილში კვლევა დაეყრდნო საია-ს მიერ წარმოებულ საქმეებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს და საია-ს 2024 წლის სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის ანგარიშს”.
საიას უნდოდა ფოკუს-ჯგუფების ჩატარება პოლიციის თანამშრომლებისა და გამომძიებლების მონაწილეობით. თუმცა, ორგანიზაციის ამ ინიციატივას შინაგან საქმეთა სამინისტრო უპასუხოდ შეხვდა.
დოკუმენტს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე: “სახელმწიფოს რეაგირება გენდერულად მოტივირებულ ძალადობაზე საქართველოში – კანონმდებლობისა და პრაქტიკის ანალიზი.”