საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე კურსდამთავრებულთა გაცილების ღონისძიება გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე გეოლოგიის, სამთო და გეოინჟინერიის, საინჟინრო გეოდეზიის, საინჟინრო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის, პროფესიული უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის, ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიების, ასევე, სამთო ტექნოლოგიების საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულ ბაკალავრთა, მაგისტრთა და დოქტორთა გაცილების ღონისძიება გაიმართა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებს სწავლის დასრულება დეკანმა, პროფესორმა ანზორ აბშილავამ მიულოცა.
„მეამაყება მოგმართოთ – უკვე სამთოელებო და გეოლოგებო! ჩვენო ბაკალავრებო, მაგისტრებო, დოქტორებო – დღეიდან კი, კოლეგებო! გილოცავთ სასწავლო კურსის დასრულებას, წარმატებებს გისურვებთ. სამთო-გეოლოგია ერთ-ერთი ურთულესი და ქვეყნის აღმშენებლობისთვის საჭირო პროფესიაა. ვთვლი, რომ ჩვენი მთავარი მიზანი – უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი და მაღალი კომპეტენციის მქონე, საერთაშორისო შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება – შევასრულეთ. თქვენ გაამართლეთ ჩვენი მოლოდინები, რისთვისაც გიხდით მადლობას და წარმატებებს გისურვებთ”, – აღნიშნა თავის მისასალმებელ სიტყვაში დეკანმა.
სტუ-ის ინფორმაციით, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი 2023-2024 სასწავლო წელს 85-მა სტუდენტმა დაასრულა.
ცნობისთვის: სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი უკვე 102 წლისაა. ფაკულტეტზე ფუნქციონირებს სამი უნიკალური მუზეუმი: გეოლოგია-პალეონტოლოგიის, სასარგებლო წიაღისეულის და მინერალოგიისა და პეტროგრაფიის, რომლებიც მუდმივად ივსება უნიკალური ექსპონატებით. ფაკულტეტზე მოქმედებს სასწავლო შახტი-ლაბორატორია, რომელსაც არ გააჩნია ანალოგი სამხრეთ კავკასიასა და ევროპის მრავალ ქვეყანაში. გარდა ამისა, ფაკულტეტზე სტუდენტებსა და მკვლევრებს ემსახურება სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიები, რომლებიც აღჭურვილია შესაბამისი თანამედროვე ტექნიკით. ფაკულტეტზე ფუნქციონირებს აგრეთვე სამთო-გეოლოგიური ტექნოლოგიების ცენტრი, სადაც სტუდენტები და მკვლევრები შეისწავლიან თანამედროვე დარგობრივ ტექნოლოგიურ პროგრამებს. მხოლოდ სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე ხორციელდება აკრედიტებული პროფესიული მომზადების პროგრამა – „ამფეთქებელი“, რომელიც ამზადებს კადრებს სამთო-მომპოვებელი, სამშენებლო-სატრანსპორტო და მრეწველობის სხვა დარგებისათვის. სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი მჭიდროდ თანამშრომლობს დარგში მოქმედ მსხვილ კომპანიებთან, მათ შორის „არემჯი ჯგუფთან“, რომელიც უნივერსიტეტთან პარტნიორობით, ფაკულტეტის მოტივირებულ სტუდენტებს, სამომავლო დასაქმების პერსპექტივით, სტაჟირების სხვადასხვა პროგრამებს სთავაზობს, წარჩინებული სტუდენტებისთვის კი სასტიპენდიო პროგრამას შეიმუშავებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ფაქტი, რომ არჩევნებამდე აღარ ქვეყნდება ევროკომისიის დასკვნა, მიანიშნებს იმაზე, რომ „გლობალური ომის პარტიას“ აღარ აქვს არჩევნების მოგების იმედი – აქცენტი გადაიტანეს პოსტსაარჩევნო და არა წინასაარჩევნო პერიოდზე

პრემიერი – საზოგადოებას არ ჰქონდა სრული, სათანადო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება უკრაინაში და ამ ბილბორდებმა და ვიდეორგოლმა გააშიშვლა სიმართლე – ამიტომ არიან ახლა გაღიზიანებული კონკრეტული ძალები