კახა წიქარიშვილი – თუკი „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მოქმედებდა მათრახის პოლიტიკა, დღეს გამოიყენება სტაფილოს პოლიტიკა: მოსამართლეს ეუბნები, თუ ჩემს დაკვეთას ასრულებ, არავინ შეგეხება, შენ გაქვს გარანტირებული, უვადოდ მშვიდი ცხოვრება

თუ ადრე დასჯა იყო მექანიზმი, დღეს დაუსჯელობაა მექანიზმი, მოსამართლეს ეუბნებიან, რომ შენ მემსახურე მე და მთელი ცხოვრება იქნები ხელშეუხებელი, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პრეზიდენტის მიერ დანიშნულმა არამოსამართლე წევრმა, კახა წიქარიშვილმა განაცხადა.
როგორც მან „პალიტრანისის“ გადაცემაში „რეზიუმე“ აღნიშნა, სასამართლოში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად სამართლებრივი მექანიზმები არ გვაქვს და მოსაფიქრებელია რა უნდა მოუხერხდეს ამ ვითარებას.
„სასამართლო სისტემაში ძალიან ძლიერი ჯგუფია, რომელიც ჯერ ემსახურებოდა წინა ხელისუფლებას და ახლა ემსახურება „ქართულ ოცნებას“. ეს ჯგუფი ფაქტობრივად ჩამოყალიბდა როგორც სასამართლო ხელისუფლების ბირთვი და მათ იცავთ კონსტიტუცია, კანონი. აღარ არის უკვე ადვილი, რომ პირდაპირ შეხვიდე და სასამართლო დაშალო და ეს ჯგუფი გამოიყვანო იქიდან. სამართლებრივი მექანიზმები დღეს არ გვაქვს. მოსაფიქრებელია მექანიზმები, რა უნდა მოუხერხდეს ამ ვითარებას.
ხშირად სვამდნენ შეკითხვას, რომ უვადოდ, როცა ინიშნება ადამიანი და მას აქვს იმუნიტეტიო, უფლებამოსილება საპენსიო ასაკამდე, როგორ შეიძლება მასზე ზეწოლა განახორციელო? – აქ ერთი პრინციპი მოქმედებს, თუკი „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მოქმედებდა მათრახის პოლიტიკა, დღეს უფრო მეტად გამოიყენება სტაფილოს პოლიტიკა. სტაფილოს პოლიტიკა ნიშნავს, რომ „გინდა აპელაციაში? მაშინ შევთანხმდეთ, რომ ხანდახან ჩემს დაკვეთას შეასრულებ, გინდა უზენაესში? კარგი, მაშინ შევთანხმდეთ, რომ ჩემთან კარგად იქნები და ჩემს დაკვეთებს შეასრულებ“. თუ ადრე დასჯა იყო მექანიზმი, დღეს დაუსჯელობაა მექანიზმი, მოსამართლეს ეუბნებიან, რომ შენ მემსახურე მე და მთელი ცხოვრება იქნები ხელშეუხებელი. „ნაცების“ დროს პირიქით იყო, ეუბნებოდნენ, რომ მე თუ არ მემსახურები, „გაგამათრახებ“, დაგიჭერ, გაგაგდებ სისტემიდან და ა.შ. დასჯა იყო ზემოქმედების მეთოდი, გაციმბირება, გადასახლება, რეგიონში გაშვება, დისციპლინური პასუხისმგებლობა, დაჭერა. დღეს კი დაუსჯელობაა ზეწოლის მექანიზმი. მოსამართლეს ეუბნები, რომ თუ შენ ჩემს დაკვეთას ასრულებ არავინ არ შეგეხება, ვერც „ქოცები“, ვერც „ნაცები“, ვერც ახალი ხელისუფლება, შენ გაქვს გარანტირებული, უვადოდ მშვიდი ცხოვრება.
არის შემთხვევები, როცა უარი თქვეს ვიღაცებმა, მაგრამ მათ არ განაწესებენ ისეთ ადგილას, ისეთ ინსტანციაში, სადაც რეალურად წყდება მნიშვნელოვანი საკითხები. მას განაწესებენ რაიონში ან ისეთ პალატაში, სადაც შედარებით უმნიშვნელო საკითხები წყდება. სისტემა არის აწყობილი ასე – მიეცით კეისარს კეისრისა და ღმერთს ღვთისა კი არა, ხალხს მიეცით რაღაც ნაწილი ხალხისა. ანუ ხალხს მიეცით მართლმსაჯულება იმ ნაწილში, სადაც ჩვენ არ გვაინტერესებს, ხოლო კეისარს მივცეთ იმ ნაწილში, სადაც კეისარს აინტერესებს. კეისარი ამ შემთხვევაში არის „ქართული ოცნება“, – განაცხადა კახა წიქარიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან იოსელიანი – ბუნებაში არ არსებობს ფაქტი, რომ “ქართულ ოცნებასთან” ვარ გარიგებული, თუ ამდენს ვახერხებ, საზოგადოებას ვაბნევ, უცხოელებს გონებას ვუბნევ, მე ვყოფილვარ, ვინც ვყოფილვარ – მათ სინდისზე იყოს სიმართლეც და ტყუილი, რასაც ტირაჟირებენ

თინა ბოკუჩავა – ჩვენი გაერთიანება არის გამარჯვების მთავარი პლაცდარმი, რომელიც დაამარცხებს ივანიშვილს და ქვეყანას დააბრუნებს ევროპულ რელსებზე – „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ არის მთავარი ალტერნატივა კორუმპირებული, ანტიდასავლური ხელისუფლების