პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სესია მოიწვია

პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სესია მოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევის შესახებ 15 ივლისს პრეზიდენტს წერილობით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ. ის რიგგარეშე სესიის მოწვევას 18 ივლისის 12:00 საათიდან ითხოვდა.
ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტი მოუწოდებს პარლამენტს, რიგგარეშე სესიის დღის წესრიგით გათვალისწინებულ სავარაუდო საკითხებთან ერთად, განიხილოს და კენჭი უყაროს 2024 წლის 24 მაისს პრეზიდენტის მიერ პარლამენტისათვის წარდგენილ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის კანდიდატურას, რათა მეტად აღარ შეფერხდეს და გაჭიანურდეს ეროვნული ბანკის საბჭოს დაკომპლექტების პროცესი.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, 18 ივლისს პარლამენტი გენერალური პროკურორობის კანდიდატს მოუსმენს და კენჭს უყრის, 19 ივლისს კი ამნისტიის პროექტის პირველი მოსმენით განხილვა და კენჭისყრა იგეგმება.
საპროკურორო საბჭოს გადაწყვეტილებით, გენერალური პროკურორის კანდიდატად პარლამენტს გიორგი გაბიტაშვილი წარედგინება. გიორგი გაბიტაშვილი გენერალური პროკურორის მოქმედი მოადგილეა. პარლამენტი გენერალურ პროკურორს 6 წლის ვადით ირჩევს და ამისთვის 76 ხმა სჭირდება.
რაც შეეხება ამნისტიას, „ქართული ოცნება“ მის საბოლოოდ მიღებას წინასაარჩევნოდ გეგმავს – პირველი მოსმენით მიღება იგეგმება რიგგარეშე სესიაზე და პროექტზე მუშაობა გაგრძელდება საშემოდგომო სესიის ფარგლებში.
პროექტით, ამნისტია შეეხება 2024 წლის პირველ ივლისამდე ჩადენილ რიგ დანაშაულებს, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სამოცდაათამდე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებს. გარდა ამისა, 1/6-ით შემცირდება სასჯელის ზომა დაახლოებით 225 მუხლის შემთხვევაში.
· „ქართულმა ოცნებამ“ ამნისტიის პროექტი წარადგინა

ასევე დაგაინტერესებთ

იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქი თეოფილე III ილია მეორის გარდაცვალების გამო მეუფე შიოს სამძიმრის წერილს უგზავნის – რეგიონში საომარი მდგომარეობის გამო პირადად დასწრებას ვერ ვახერხებთ, რის გამოც ვაგზავნით ჩვენს წარმომადგენელს

რუსუდან ფეტვიაშვილი – პატრიარქისთვის გაერთიანებული საქართველო იყო უპირველესი, სულ ამბობდა: ერთიანობა, კონსენსუსი, ურთიერთგაგება – მან ერთხელ თქვა: როცა გაგიჭირდებათ და აღარ ვიქნები, შეგიძლიათ მომმართოთ, როგორც ცოცხალს და თხოვნას შევასრულებ