BlueAnon – კონსპირაციების ახალი ტალღა, რომელიც ტრამპის მკვლელობის მცდელობას მოჰყვა

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, ს მკვლელობის მცდელობიდან რამდენიმე წუთში სოციალურ მედია პლატფორმებზე მომხმარებლებმა სხვადასხვა შინაარსის კონსპირაციული თეორიების გავრცელება დაიწყეს.
როგორც The Washington Post წერს, ამჯერად კონსპირაციული თეორიების უკან ლიბერალურად განწყობილი ადამიანები იდგნენ. მათი ვერსიით, ტრამპის ყურზე სისხლი სპეციალური გელი იყო, თავდასხმის უკან კი საიდუმლო სამსახურები იდგნენ, რომლებიც ტრამპთან კოორდინაციაში მუშაობდნენ. ერთ-ერთი კონსპირაციის მიხედვით, ტრამპის მიერ -ს დროშის ფონზე მუშტის ჰაერში აწევის სცენაც “დადგმული” იყო.
“როდიდან დაიწყო საიდუმლო სამსახურმა პრეზიდენტისთვის ნების დართვა, რომ ასეთ დაძაბულ დროს მათ “მოცდისკენ” მოუწოდოს, შემდეგ კი წამოდგეს, რათა შეკრებილმა ხალხმა მისი ჰაერში აწეული მუშტი დაინახოს. დამნაშავე ვარ იმაში, რომ ეს ყველაფერი დადგმული მგონია?”. – წერს X-ზე ერთ-ერთი მომხმარებელი.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ტრამპზე თავდასხმამ გააძლიერა ფენომენი, რომელსაც BlueAnon-ს უწოდებენ – რაც ლიბერალების მეირ გავრცელებულ კონსპირაციებს მოიცავს [სახელწოდება მომდინარეობს QAnon-ის კონსპირაციული მოძრაობისგან, რომლის უკანაც ძირითადად მემარჯვენე კონსპირატორები დგანან]. ექსპერტების შეფასებით, BlueAnon-ის კონსპირაციული თეორიები აჩვენებს, რომ რეალობის დამახინჯება და შეთქმულებების გავრცელება მემარჯვენე ფრთას სცდება.
“QAnon-ის კეთილი-ბოროტის წინააღმდეგ პარადიგმამ ტრამპის საწინააღმდეგო მოძრაობაც მოიცვა და დღეს ვხედავთ ორ მხარეს, რომელიც ფიქრობს, რომ კეთილისა და ბოროტის ბრძოლაში იბრძვიან. ეს ყველაფერი მოდის მემარცხენე და ლიბერალური “წინააღმდეგობის” გავლენიანი პირებისგან, რომლებიც თვლიან, რომ ტრამპი ისეთი ფიგურაა, რომელიც საპრეზიდენტო კამპანიის წარმატებისთვის საკუთარ თავზე თავდასხმასაც დადგამდა”. – ამბობს მაიკ როტშილდი, QAnon-ის თეორიების შესახებ ერთ-ერთი წიგნის ავტორი.
ეს თეორია წაახალისა, სულ მცირე, ერთმა გავლენიანმა დემოკრატმა: დმიტრი მელჰორნმა, დემოკრატიული პარტიის დონორის, რიდ ჰოფმანის პოლიტიკურმა მრჩეველმა, რომელმაც მხარდამჭერებს იმეილი გაუგზავნა და მოუწოდა, რომ ეფიქრათ იმ “შესაძლებლობაზე, რომელიც აშშ-ში აბსურდულად მიიჩნევა, თუმცა, გლობალურად საკმაოდ ხშირია – ის, რომ ეს “თავდასხმა” წახალისებული ან დადგმულიც კი იყო, რათა ტრამპს მიეღო ეფექტური ფოტოები და ესარგებლა რეაქციისგან”. ამასთან, ის ადამიანებს მოუწოდებდა, რომ ეფიქრათ იმ შესაძლებლობაზეც, რომ ეს ყველაფერი ტრამპმა პუტინთან ერთად დაგეგმა.
მომდევნო დღეს მელჰორნმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და აღნიშნა, რომ მხარდამჭერებისთვის იმეილის გაგზავნა “დაუფიქრებელი ნაბიჯი” იყო და მან ეს პარტიასთან კონსულტაციის გარეშე გააკეთა.
“ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ასეთი ძალადობრივი ფაქტის დაგმობაში, ყველა ინსტანციის დონეზე, ყოველგვარი დათქმების გარეშე. სხვა ნებისმიერი თემა ყურადღების გადატანის მცდელობაა”. – უთხრა მელჰორნმა The Washington Post-ს.
მიუხედავად იმისა, რომ BlueAnon-ის მტკიცებები არ იმეორებს QAnon-ის რადიკალურ მტკიცებებს, თითქოს ლიბერალურ ელიტებში სატანას სცემენ თაყვანს და გავრცელებულია პედოფილია, მაინც ეხმიანება მათ თეორიას, რომლის მიხედვითაც საიდუმლო “ღრმა სახელმწიფო” ტრამპის მოშორებაზე მუშაობს. BlueAnon-ის მტკიცებებში ჩრდილოვანი ძალები, მათ შორის, მეინსტრიმული მედია, პირიქით, პრეზიდენტი ბაიდენის კანდიდატურის განადგურებასა და ტრამპის ხელისუფლებაში დაბრუნებაზე მუშაობს.
ბაიდენის მხარდამჭერი სოციალური მედიის მომხმარებლების ერთ-ერთი კონპირაციის მიხედვით, ბაიდენს დებატების დაწყებამდე ნარკოტიკული ნივთიერება შეაპარეს. ასევე, მათი ერთ-ერთი თეორიის მიხედვით ბაიდენის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერისა და ცნობილი მსახიობის, ჯორჯ კლუნის მიერ The New York Times-ში გამოქვეყნებული სვეტი, რომელშიც ის ბაიდენს კანდიდატურის მოხსნისკენ მოუწოდებდა, ბაიდენის მიერ ს მხარდაჭერით გამოწვეული შურისძიების სცენარი იყო. ამავე მტკიცებებით, ABC News-თან ინტერვიუში პრეზიდენტის არადამაჯერებელი გამოსვლა აუდიომანიპულაციების შედეგი იყო.
ციფრული სიძულვილის საწინააღმდეგო ცენტრის დამაარსებლის, იმრან აჰმედის შეფასებით, აშშ-ში დღეს ორივე პოლიტიკურ პარტიაში გაზრდილია “კონსპირაციზმის” დონე. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ წლებში Facebook-მა, YouTube-მა და TikTok-მა გადადგეს ნაბიჯები QAnon-თან ბრძოლაში, კერძოდ, დაბლოკეს კონკრეტული მომხმარებლები, ჰეშთეგები და ძებნის შედეგები, კონსპირაციებმა ფეხი მოიკიდა ისეთ პლატფორმებზე როგორებიცაა X და Rumble. იმრან აჰმედის აზრით, BlueAnon-ის კონსპირაციებთან ბრძოლაც ასეთივე რთული იქნება.