ვინ ჩაერთვება აქტიურად ევროკომისიის მიერ 9 დათქმის შესასრულებლად სამუშაო ჯგუფებში? პროცესში მონაწილეობაზე ოპოზიცია მზადყოფნას გამოთქვამს, თუმცა მისი ნაწილი აქცენტს საკუთარი ალტერნატიული გეგმის შეთავაზებაზე აკეთებს.
პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან ბეჟაშვილი ამბობს, რომ, სამუშაო ჯგუფებთან დაკავშირებით, სკეპტიკური განწყობაა.
“სკეპტიციზმი არსებობს ამ სამუშაო ჯგუფებთან დაკავშირებით, რადგან წინარე გამოცდილება ცუდი იყო, როდესაც ჩვენს მიერ მომზადებული კანონპროექტები განხილულიც კი არ იყო შესაბამის სამუშაო ჯგუფებში, მაგრამ, დღევანდელ რეალობის გათვალისწინებით, 9-პუნქტიან გეგმასთან მიმართებაში, გვექნება ჩვენი შეხედულებები და ასევე წარვუდგენთ სამუშაო ჯგუფს, რათა მათ დონეზე მოხდეს ამ საკითხების განხილვაც,“ – აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია კი აცხადებს, რომ ყველა სამუშაო პროცესში მონაწილეობას მიიღებენ.
“ჩვენ ყველანაირ კომისიაში ვიქნებით, რაც ამ შენობაში ჩატარდება, რათა შევხედოთ, იქ რა ხდება და ხალხს ვუთხრათ სიმართლე, ამ კომისიაში რამე ხდებოდა თუ არა. არ ვიცი, რამდენად შეიძლება მოლოდინი გვქონდეს რამის, მაგრამ ჩვენ იქ ვიქნებით იმისთვის, რომ ადამიანებს გავაგებინოთ, რა ხდება იმ კომისიაში,” – ამბობს იაგო ხვიჩია.
ოპოზიციის მხრიდან საკუთარი ალტერნატიული გეგმის შეთავაზებას მმართველი გუნდი მიუღებლად მიიჩნევს. მათი განმარტებით, სამოქმედო გეგმა ბრიუსელთან უკვე შეთანხმებულია და ოპოზიციის გეგმას არა თანამშრომლობად, არამედ მორიგ დესტრუქციულ ქმედებად განიხილავენ.
“რა უნდა გაკეთდეს და დაახლოებით რა მიმართულებით უნდა გაკეთდეს, ეს საკითხები არის შეთანხმებული ევროკომისიასთან. გამომდინარე აქედან, შენ რომ ალტერნატივად სხვას აყენებ, მთელი ეს პროცესი გინდა, რომ სადღაც შუა გზიდან შემოატრიალო და სხვა მიმართულებით წაიყვანო, – ამბობს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი.