ნუგზარ წიკლაური – ვფიქრობ, „ლელოს“ აუცილებლად აღმოაჩნდება რესურსი, გადადგას ზოგიერთი ნაბიჯი, რომელიც ჩვენი ერთობის უფრო მეტად შევსებას შეუწყობს ხელს – ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ერთიანობა მძლავრი იყოს

პარტია „ახალის“ მხრიდან არ არის საუბარი დახურული არავისთვის, არც „ლელოსთვის“. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ერთიანობა კიდევ უფრო მძლავრი იყოს, – ამის შესახებ პარტია „ახალის“ წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
მისი თქმით, პარტიების გაერთიანების პროცესი დასრულებული არ არის და გარკვეული გადაადგილებები კიდევ შეიძლება მოხდეს.
„ვსაუბრობდით „ლელოსთან“, „გირჩთან“, „დროასთან“. პარტია „ახალმა“ გააკეთა ყველაფერი, რომ ერთობა შემდგარიყო და ამ ოთხი პარტიიდან სამის ერთობა შედგა. ვფიქრობ, „ლელოს“ აუცილებლად აღმოაჩნდება რესურსი, რომ გადადგას ზოგიერთი ისეთი ნაბიჯი, რომელიც შემდგომში ამ ერთობის კიდევ უფრო მეტად შევსებას შეუწყობს ხელს. მე ვერ ვიტყვი როგორი იქნება ამ პოლიტიკური პარტიის გადაწყვეტილება, პატივს ვცემ მისწრაფებებს, რომელიც მათ აქვთ. ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი. პარტია „ახალის“ მხრიდან არ არის საუბარი დახურული არავისთვის, არც „ლელოსთვის“. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ერთიანობა კიდევ უფრო მძლავრი იყოს.
მე არ ვთვლი, რომ ეს პროცესი საბოლოოდ დასრულებულია. ცხადია, წინასწარ შეუძლებელია იმის თქმა, რა კონფიგურაცია შეიძლება შეიძინოს ცალკეულმა პოლიტიკურმა დაჯგუფებებმა. თუმცა, იმის გამორიცხვაც არ შეიძლება, რომ გარკვეული გადაადგილებები შეიძლება მოხდეს. ვისურვებდი, რომ ეს იყოს გაძლიერების და გამსხვილების მიმართულებით“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
კითხვაზე, იყო თუ არა „ლელოსთან“ უთანხმოების მიზეზი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურასთან დაკავშირებული, ნუგზარ წიკლაური აცხადებს, რომ „ახალი“ „ქართული ქარტიის“ ერთგულია ეს კი ამ ქარტიის მიღმა პრემიერ-მინისტრის კანდიდატურაზე მოლაპარაკებებს გამორიცხავს.
„ჩვენ ვართ ერთგულები იმისა, რასაც ხელი მოვაწერეთ და ერთგულება „ქართული ქარტიის” მიმართ პირდაპირ გულისხმობს იმას, რომ არავითარი კულუარული მოლაპარაკებები, ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი, ამ ქარტიის მიღმა არ იქნება“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
ამასთან, მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნებზე ერთიანი სიით გასვლის იდეა თავიდანვე შეცდომა იყო და „პრიმიტიულობის ნიშნებს ატარებდა“.
„მოდი, იყოს ერთიანი სია“, – ეს მიდგომა პრიმიტიულობის ნიშნებს ატარებდა. ყველა ერთად, ყველა ერთ ქვაბში – ეს მიდგომა დაგვაკარგვინებდა ძალიან ბევრ ხმას. კვლევებმა გვაჩვენა, რომ უმჯობესია ქართველ ამომრჩეველს ჰქონდეს ერთ-ორ ან სამ ოპოზიციურ ბლოკთან ურთიერთობა და კიდევ უფრო მეტ ხმებს დავაგროვებთ. იმ ხალხის, ხმები, რომლებიც ხმას მიცემენ ამ თუ იმ პოლიტიკურ პარტიას არ უნდა დაიკარგოს და არ უნდა წავიდეს „ქართული ოცნების“ ყულაბაში და ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. „ახალის“, „დროას“ და „გირჩის“ ერთობა ამგვარი საფრთხისაგან არა თუ დაცულია, არამედ სამჯერ აღემატება 5%-იან ზღვარს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველას ეყოფა პასუხისმგებლობა, რომ ისეთი ბლოკები გააკეთონ, რომლებიც ასევე წარმატებას მოიპოვებენ და საბოლოო ჯაში ყველანი ერთად შევქმნით იმ კოალიციას, რომელსაც ეწოდება ქართველი ხალხის ევროპული კოალიცია“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ სამხარაძე – ჩვენ ვერ ვხედავთ სტალინის ძეგლებს თავისუფლების მოედანზე, აეროპორტში, ბათუმში ერას მოედანზე, თელავში თეატრის წინ – მხოლოდ ევროპარლამენტარების მახვილი მზერით ჩანს ძეგლებიც და სტალინის კულტის განდიდება