ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბაზაზე დნმ-ის მონაცემთა ბაზა შეიქმნება

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბაზაზე დნმ-ის მონაცემთა ბაზა შეიქმნება.
დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნის ინიციატივა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის, რომლის ავტორობით შესაბამისი შინაარსის საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტს უკვე წარედგინა.
უწყების განმარტებით, დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნა დანაშაულის პრევენციას, დანაშაულის გახსნისა და გამოძიების, აგრეთვე, დაკარგულ პირთა იდენტიფიკაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
კანონის პროექტით ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირებას დაქვემდებარებული პირები განისაზღვრება. კერძოდ, პროექტის გათვალისწინებით, სავალდებულო იქნება ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირება, დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით. დნმ-ის მონაცემთა ბაზაში ასევე აისახება სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ეტაპზე ფიზიკური პირისგან, გვამისგან, შემთხვევის ადგილიდან ან სხვა მატერიალური საგნიდან განსაზღვრული გენეტიკური პროფილები.
პროექტი მიხედვით, დასაშვები იქნება ნებისმიერი პირის გენეტიკური პროფილის დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია, მისივე თანხმობით.
კანონპროექტი გენეტიკური პროფილის შენახვის ვადებსაც განსაზღვრავს. პროექტის გათვალისწინებით, გენეტიკური პროფილი ინახება შემდეგი ვადით: – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულის: − 75 წლით; მძიმე დანაშაულისთვის − 50 წლით; ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის − 30 წლით; დანაშაულის რეციდივისთვის − 75 წლით; არასრულწლოვანი მსჯავრდებულის: – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის − 30 წლით; მძიმე ან ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის − 10 წლით; დანაშაულის განმეორებით ჩადენისთვის − 75 წლით.
პირის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი გენეტიკური პროფილი გარდაცვალებიდან 10 წლის ვადით შეინახება.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ევროპარლამენტი ითხოვს, დასანქცირდეს მშვიდობის გარანტი, გათავისუფლდეს ომის გარანტი, დავუშვათ ლგბტ პროპაგანდა, დავუწესოთ სანქციები რუსეთს – ჩვენი პასუხია: მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით, ევროპისკენ!