DRI – აქციებზე გამოიკვეთა სამართალდამცავთა მხრიდან კონსტიტუციის, კანონმდებლობის უხეში დარღვევები, ძალადობის წახალისება, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და შსს-ს უმოქმედობა, აქციის მონაწილეთა დაშინებისა და მათზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობები

მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება ხელისუფლების პოლიტიკურ სტრატეგიად იქცა, – ამის შესახებ „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ანგარიშშია ასახული, სახელწოდებით „საპროტესტო აქციები დაკვირვების ქვეშ“.
ანგარიში ასახავს 2024 წლის 6 ნოემბრიდან 2024 წლის 30 მაისის ჩათვლით, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო მოძრაობების და აქტივისტების მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებზე დაკვირვების შედეგებს.
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ შეფასებით, საპროტესტო აქციებზე გამოიკვეთა სამართალდამცავთა მხრიდან საერთაშორისო სტანდარტების, კონსტიტუციის, მოქმედი კანონმდებლობის არაერთი უხეში დარღვევა, ძალადობის წახალისება, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს უმოქმედობა, აქციის მონაწილეთა დაშინებისა და მათზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობები.
„საანგარიშო პერიოდში საპროტესტო აქციებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ როგორც წესი, დემონსტრანტები კანონის ფარგლებში მოქმედებენ.
„რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე არც ერთ შემთხვევაში დემონსტრანტთა მხრიდან ადგილი არ ჰქონია კანონმდებლობის იმ მასშტაბით დარღვევას, რაც მართლსაწინააღმდეგო შედეგს გამოიწვევდა ან მთლიან შეკრებას ძალადობრივად აქცევდა.
არც ერთ შემთხვევაში, როდესაც სამართალდამცველებმა აქციის დასაშლელად ფიზიკური ძალა და სპეციალური საშუალებები გამოიყენეს, არ არსებობდა აქციის დაშლის სამართლებრივი საფუძველი.
რამდენიმე შემთხვევაში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამართალდარღვევების სპორადული ხასიათიდან გამომდინარე, საპოლიციო ძალების მიერ გამოყენებული სპეციალური ღონისძიებები არ შეიძლება ჩაითვალოს პროპორციულად, რამაც რამდენიმე შემთხვევაში აქციის დაშლის დროს აქციის მშვიდობიანი მონაწილეების დაშავება გამოიწვია.
რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციების დროს, -მ არც ერთხელ არ დაიცვა აქციის დაშლის წინ, აქციის მონაწილეების წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება.
რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციების დროს, სამართალდამცავებმა მედიის წარმომადგენლებს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში არაერთხელ შეუშალეს ხელი.
რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე 200-ზე მეტი პირი დააკავეს. დაკავებულებს, როგორც წესი, არ განემარტებოდათ დაკავების საფუძველი და მათი საპროცესო უფლებები. ხშირად ეზღუდებოდათ ადვოკატის ყოლის უფლება. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ხშირ შემთხვევაში, ოჯახის წევრებსა და ადვოკატებს არ აწვდიდა ინფორმაციას დაკავებული პირების ადგილსამყოფლის შესახებ.
სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ არა ერთ დაკავებულ პირს. რამდენიმე დაკავებულისთვის მიყენებული დაზიანებების ხასიათი (ძირითადად, დაშავებული სახე და ჩამტვრეული კბილები) მოწმობს, რომ დაზიანებები არ შეიძლება იყოს კანონიერი საპოლიციო ღონისძიებების შედეგი და წარმოადგენს პოლიტიკური ოპონენტების მიმართ აშკარა ანგარიშსწორებას“, – აღნიშნულია ანგარიშში.
ამასთან, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ განმარტებით, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე სასამართლოზე მტკიცებულებების სტანდარტი კვლავ უკიდურესად დაბალია.
„ხელისუფლების მიერ ღიად მხარდაჭერილმა ორგანიზებულმა ჯგუფებმა აქციის მონაწილეთა დაშინების მიზნით კოორდინირებული სატელეფონო მუქარის კამპანია აწარმოეს.
ორგანიზებულმა ჯგუფებმა დააზიანეს არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერების ან მათი ოჯახის წევრების საკუთრებაში მყოფი სატრანსპორტო საშუალებები, შეურაცხმყოფელი წარწერებით, პლაკატებით და სტენსილებით ააჭრელეს ოფისების ან ორგანიზაციების ხელმძღვანელების საცხოვრებელი სახლების და ჭიშკრების ფასადები.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის საჯაროდ გამოქვეყნებული განცხადება და თანმხლები ვიდეო ადასტურებს, რომ მმართველი პარტია არა მხოლოდ ახალისებს საპოლიციო ძალადობას, არამედ, ასევე, დგას საზოგადოებრივი ორგანიზაციების ლიდერების, სამოქალაქო აქტივისტების და პოლიტიკოსების წინააღმდეგ განხორციელებული დევნისა და თავდასხმების უკან“, – აღნიშნულია GDI -ს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

ასევე დაგაინტერესებთ