შალვა პაპუაშვილი – თუ ზურაბიშვილი აპირებს, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, მაშინ ის აღიარებს საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაციას, მის მიერ კონსტიტუციის დარღვევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების ლეგიტიმაციასაც, იმპიჩმენტის ლეგიტიმაციასაც

თუკი აპირებს, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, მაშინ გამოდის, რომ აღიარებს საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაციას, ამ მოსამართლეების ლეგიტიმაციას და შესაბამისად, მის მიერ კონსტიტუციის დარღვევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების ლეგიტიმაციასაც, იმპიჩმენტის ლეგიტიმაციასაც, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა, საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით სარჩელი შეიტანოს.
პაპუაშვილის განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოში მხარე საქართველოს პარლამენტი იქნება, როგორც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიმღები ორგანო.
„რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის განზრახვას მიმართოს იმ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომლის გადაწყვეტილებას და დასკვნას იმპიჩმენტთან დაკავშირებით სამარცხვინო უწოდა და არ აღიარა ეს გადაწყვეტილება, რა შეიცვალა ახლა ამ თვეების განმავლობაში? თუკი ის აპირებს მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, მაშინ გამოდის, რომ აღიარებს საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაციას , ამ მოსამართლეების ლეგიტიმაციას და შესაბამისად, მის მიერ კონსტიტუციის დარღვევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების ლეგიტიმაციასაც, იმპიჩმენტის ლეგიტიმაციასაც. ამიტომ მას რომ ჰქონდეს ის კონსტიტუციური თუ მორალური სტანდარტი, რაც ამ თანამდებობაზე მყოფ ადამიანს უნდა ჰქონდეს, უნდა გადადგეს ამ თანამდებობიდან. ჩვენ ვნახეთ, რომ გადააბიჯა ყველანაირ სტანდარტს, გაურიგდა „ნაციონალურ მოძრაობას“ და ვხედავთ ამ გარიგების შედეგი რაც არის. ის გაურიგდა „ნაციონალურ მოძრაობას“ იმისთვის, რომ შეენარჩუნებინა საკუთარი თანამდებობა, იკადრა ის, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს სამარცხვინოები ეძახა იმის გამო, რომ არ ეღიარებინა ის გადაწყვეტილება და დღეს ისევ ამ მოსამართლეებს მიმართავს სამართლის საძიებლად. ეს არის, საერთო ჯამში, ჩვენი რადიკალური ოპოზიციის სახე და სალომე ზურაბიშვილიც ჩაწერილია ზუსტად ამ ნარატივში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან, როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა და თუ არსებობს კითხვები კანონთან დაკავშირებით, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
„რაც შეეხება თავად სარჩელს ზოგადად, ამას ჰქვია სამართლებრივი სახელმწიფო და დემოკრატიული ქცევა – თუკი ვინმე რამეს არ იზიარებს, არსებობს სამართლებრივი ინსტრუმენტები, საერთო სასამართლოებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს სახით, ამიტომ ვინმეს თუ აქვს რაიმე კითხვები კანონთან დაკავშირებით, ნებისმიერი საქართველოს მოქალაქე თუ შესაბამისი ინსტიტუტი თავისუფალია, რომ მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს. ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო, „ქართულმა ოცნებამ“ დააბრუნა ამ ქვეყანაში სამართლიანობა და ყველას შეუძლია, მიმართოს და არა მოიქცეს ისე, როგორც იქცევიან NGO-ები, რომლებიც ღიად გამოდიან და ამბობენ, რომ არ დაემორჩილებიან კანონს და ამას თვალს უხუჭავენ მათი დონორები. ამ NGO-ები და მათ უკან მდგომი დონორები, რომლებიც ახალისებენ, რომ იყოს დაუმორჩილებლობა კანონის მიმართ, ჩვენ ფაქტობრივად გვეუბნებიან, რომ ქვეყანაში უნდა იყოს „ჯუნგლების კანონი“ და არა სამართლებრივი სახელმწიფო. ეს მოიტანა NGO-ების საქმიანობამ. სინამდვილეში, ეს არის მათი ევროპა. „ნაციონალურ მოძრაობასაც“ ხომ ასეთი ევროპა ჰქონდა აშენებული ამ ქვეყანაში, სადაც უკანონობა, დევნა და ძალადობა იყო ნაწილი მმართველობისა. ეს არის მათი ევროპა და ეს NGO-ები, რომლებიც ამბობენ, რომ არ დაემორჩილებიან კანონს, ასეთი ევროპა სურთ ქართველებისთვის”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – გახარიას შევთავაზე, რადგან წარსულის კონფლიქტიდან მოვდივართ, ხომ არ ჯობია ჩვენ არ ვიყოთ სიაში და ახალგაზრდებს დავუჭიროთ მხარი – შეიძლება ჩათვალა, რომ ეს იწვევდა მისი პოლიტიკიდან ჩამოშორებას, რაც ასე არ არის