ცხინვალში ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის “ყოფილი პრეზიდენტის”, ანატოლი ბიბილოვის ნათესავებს, სერგო და ლევ კაბისოვებს ცეცხლი გაუხსნეს. SOVA-ს ინფორმაციით, შემთხვევა მე-12 სკოლის წინ, დღის 13:31 საათზე მოხდა.
“თვითმხილველების თქმით, ინციდენტში მონაწილეობდა პრეზიდენტის (ალან გაგლოევის) ძმა ალიკ გაგლოევიც”. – წერს Telegram-არხი Churebayi Khærgænæg.
სროლის შემდეგ, ძმები კაბისოვები ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავდაპირველად, ადგილობრივი მედია ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ავრცელებდა. მოგვიანებით, რაც სროლის შესახებ პოსტები საჯარო გვერდებზე გამოჩნდა, შემთხვევა ადგილობრივმა პრესამაც გააშუქა.
არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები მომხდარის ყველა გარემოების დადგენის მიზნით. ალან გაგლოევმა გასცა დავალება, უმოკლეს ვადაში გამოავლინონ და პასუხისგებაში მისცენ სროლაში მონაწილე პირები.
ცნობისთვის, თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საპარლამენტო არჩევნებში 9 ივნისს ამჟამინდელი მარიონეტი “პრეზიდენტის” ალან გაგლოევის პარტიამ გაიმარჯვა, თუმცა, მისი ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ ე.წ. არჩევნები გაყალბდა და რეალურად ის ანატოლი ბიბილოვის პარტიამ მოიგო.
