ჩინეთი განახლებად ენერგიებში 800 მლრდ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს

ჩინეთი მომდევნო 6 წლის განმავლობაში განახლებადი ენერგიის წყაროებზე გადასასვლელად 800 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. აღნიშნულის შესახებ Financial Times წერს.
გამოცემის ცნობით, მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში ჩინეთმა 17 მლრდ დოლარის ინვესტიცია განახორციელა ელექტრო ქსელების პროექტში. აღნიშნული მონაცემები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 24.9%-ით მეტია.
Financial Times-ი კვლევითი ჯგუფის Rystad Energy-ის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ ჩინეთის საპროგნოზო კაპიტალური დანახარჯები მიმდინარე წელს 102 მლრდ დოლარამდე გაიზრდება, 2030 წლისთვის კი 157 მლრდ დოლარს გაუტოლდება.
ჩინეთის ზოგიერთ პროვინციაში გამომუშავებული ენერგია მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ არის, რის გამოც ელექტროენერგიის იმპორტს მეზობელი პროვინციებიდან ახორციელებენ.
როგორც Financial Times წერს, მიწოდება-მოთხოვნის შეუსაბამობას გრძელვადიან პერიოდში ელექტროენერგიის შემნახველი ბატარეები აღმოფხვრის. მაგალითისთვის, Goldman Sachs-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ჩინეთში 2030 წელს ბატარეის ტევადობა 70-ჯერ გაიზრდება.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი