როგორ ამოვიცნოთ ინტერნეტ-თაღლითები

დანაშაულის გახსნა არ ნიშნავს, რომ თანხა მაშინვე უკან დაბრუნდება -როგორ უნდა ამოვიცნოთ ინტერნეტ-თაღლითები და არის თუ არა საკმარისი მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა პრობლემის პრევენციისთვის, ამის შესახებ უსაფრთხოების სპეციალისტმა ანდრო გოცირიძემ რადიოგადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.
„ყველა შეთავაზება არის ძალიან მაცდური, მითუმეტეს, რომ ინტერნეტი ასე დიდი დოზითაა ჩვენს ცხოვრებაში. ბმულზე გადასვლა ასეთ დროს ძალიან სახიფათოა და მიუხედავად იმისა, რომ კარგადაა შედგენილი შეტყობინება, მას მაინც ეტყობა თაღლითობის კვალი და გეტყვით რამდენიმე მაგალითს:
· არ არის გამართული ქართული ენით დაწერილი ტექსტი;
· მესიჯს ვიღებთ არა კომპანიის, არამედ კონკრეტული მობილური ოპერატორის ნომრიდან;
· ბმული, რომელსაც ერთი შეხედვითაც ეტყობა, რომ მასზე არ შეიძლება რამე რესპექტაბელური იყოს“ – განაცხადა ანდრო გოცირიძემ.
მისი თქმით, ყველაფრის მიუხედავად, ადამიანები მაინც ტყუვდებიან.
„ისინი არ აკვირდებიან და სწრაფად რეაგირებენ. ბმულზე გადასვლით კი ძალიან ვრისკავთ, რომ ჩვენი ბარათიდან მოხდება თანხის ჩამოჭრა და შესაძლოა, უფრო რთული შედეგებიც დადგეს“, – აცხადებს ის.
კითხვაზე, როგორ ხდება ამ დროს დანაშაულის აღკვეთა, უსაფრთხოების სპეციალისტი პასუხობს – მიუხედავად იმისა, რომ კიბერ-დანაშაული საკმაოდ ძნელი გასახსნელია, რადგან ის ინტერნაციონალურია და თანაც დამნაშავეები საკმაოდ მაღალ ტექნიკას ფლობენ უკვე, დანაშაულის გახსნა მაინც შესაძლებელია და ამისი გამოცდილება ქართულ პოლიციასაც აქვს.
„ერთი ნიუანსია, რომ ნომერი, რომელიც მიანიშნებს, რომ თითქოს არის ამა თუ იმ პროვაიდერის, შესაძლოა, სულაც არ იყოს კონკრეტული პროვაიდერის და მათ შორის საქართველოში რეგისტრირებულიც კი ანუ გაყალბებულია. სახელმწიფოებს შორის არის თანამშრომლობის ფორმატები და მსგავსი დანაშაულების გახსნაც ხდება. მაგრამ სამწუხაროდ, ის არის, რომ დანაშაულის გახსნა ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ თანხები მაშინვე უკან დაბრუნდება. ეს გაცილებით ხანგრძლივი და რთული პროცესია“, – განაცხადა ანდრო გოცირიძემ.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი