ბერლინელებს ძველი ელექტროტექნიკის შესაკეთებლად ფულს გადაუხდიან

ბერლინის მერია სექტემბრიდან მოქალაქეებს ძველი გაჯეტების შესაკეთებლად, ახლის ყიდვის სანაცვლოდ, თანხას გადაუხდის. ინფორმაციას “ევროპულსი” ავრცელებს.
თანხის ოდენობა 25-დან 200 ევრომდე შეადგენს და რემონტის ღირებულებას სრულად ან ნაწილობრივ დაფარავს.
პროგრამა ეხება საყოფაცხოვრებო ტექნიკას, როგორიც არის ყავის აპარატები, ჭურჭლისა და სარეცხი მანქანები, ასევე, მობილური ტელეფონები და ლეპტოპები.
გამოყენებული ძველი მოწყობილობების გადაყრა ელექტრონულ ნარჩენებს ქმნის, რისი გადამუშავებაც, პრაქტიკულად, შეუძლებელია, ხოლო მათი უტილიზაცია სითბური აირების დიდი კვალს ტოვებს.
ცნობისთვის, საფრანგეთში მსგავსი პროგრამის დახმარებით ორი წლის განმავლობაში ნაგავსაყრელს 178 ათასზე მეტი საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკა გადაურჩა.
ამასთან, ევროკავშირის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებს ელექტროსაქონლისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენიდან 5-10 წლის განმავლობაში მათი შეკეთების უფლება უნდა ჰქონდეთ. კერძოდ, კომპანიებმა საგარანტიო პერიოდის განმავლობაში გაუმართავი ელექტროტექნიკის უფასო შეკეთება მათი ჩანაცვლების მაგიერ უნდა უზრუნველყონ.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი