ისრაელის თქმით, იერიში მიიტანეს მოჰამედ დეიფზე, 7 ოქტომბრის თავდასხმის ავტორზე

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ იერიში მიიტანეს ჰამასის ერთ-ერთ მაღალ სამხედრო ლიდერზე, მოჰამედ დეიფზე, რომელსაც იერუსალიმი 7 ოქტომბრის თავდასხმის შემოქმედს უწოდებს. დეიფის გარდა დარტყმის სამიზნე ტერორისტული დაჯგუფების კიდევ ერთი მაღალჩინოსანი, რაფაა სალამე იყო.
ტერორისტული დაჯგუფების სამხედრო ლიდერებზე იერიში მიიტანეს მაშინ, როცა ისინი საბრძოლო მასალის საწყობის მახლობლად, ღაზის სექტორის ქალაქ ხან იუნისში იმყოფებოდნენ.
ჰამასის მტკიცებით, იერიშს 70-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
ჯერჯერობით უცნობია, გადარჩა თუ არა დეიფი, თუმცა ებრაულ მედიასთან საუბარში ისრაელელი პოლიტიკოსები ანონიმურად ამბობენ, რომ, დიდი ალბათობით, ის მოკლულია. ჰამასის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, სამი აბუ ზუჰრიმ უარყო, რომ დარტყმა დეიფს შეეხო. მისი თქმით, ს განცხადება სისულელეა.
ალ-მავასი, ადგილი, სადაც ისრაელმა იერიში მიიტანა, ჰუმანიტარული ზონაა, თუმცა თავდაცვის ძალებში ამბობენ, რომ შენობა, რომელსაც დაარტყეს, არ იყო იმ ზონაში, სადაც დევნილი პალესტინელების კარვები მდებარეობს. მათი თქმით, ეს იყო ჰამასის ობიექტი, რომელიც გარშემორტყმული იყო სამოქალაქო ინფრასტრუქტურით.
58 წლის მოჰამედ დეიფი ორ ათწლეულზე მეტია იზ ალ-დინ ალ-კასამის ბრიგადის მეთაური იყო. ისრაელი მას დიდი ხანია ეძებს. ის მიიჩნევა 7 ოქტომბრის თავდასხმის შემოქმედად. ამ მოვლენას ისრაელის 1200-მდე მოქალაქე ემსხვერპლა, 251 კი მძევლად აიყვანეს და გაიტაცეს. რაც შეეხება მეორე მაღალჩინოსანს, სალამეს, ის ჰამასის ხან იუნისის ბრიგადის მეთაური იყო.
გავრცელდა ვიდეოებიც, რომლებშიც აფეთქება ჩანს.
თუ დეიფის სიკვდილი დადასტურდება, ის იქნება ჰამასის ყველაზე მაღალი რანგის მეთაური, რომელიც მიმდინარე ომის დროს მოკლეს. მისი მოკვლა IDF-ს წარსულშიც უცდია. ბოლო ორი მცდელობა მოხდა 2021 წლის 11-დღიანი ომის დროს.
აქამდე ისრაელმა მისი უვნებელყოფა 2021 წელს ღაზაში მიმდინარე ომის დროს სცადა, თუმცა მის ნაცვლად მისი ცოლი და ორი მცირეწლოვანი შვილი იმსხვერპლეს. დეიფი ისრაელის სამიზნე იყო 2001, 2002, 2003 და 2006 წლებშიც. გავრცელებული იყო ცნობები, რომ 2006 წლის იერიშის შემდეგ მან ფეხები დაკარგა, რაც შემდეგში უარყვეს.