ნიქო გორგილაძე: სამშობლო, როგორც კოშმარი

შვეიცარიაში, ბერნის ხელოვნების მუზეუმში, კლოდ მონეს ნახატი რომ დავინახე, გავშრი, თითქოს, დიდი ხნის უნახავი ახლობელი მენახოს და ხმამაღლა ავტირდი. სულ პატარა ვიყავი, როცა ქართულის მასწავლებელმა, ერთ-ერთ პირველ საკლასო დავალებად, სწორედ მონეს ნახატზე შთაბეჭდილების დაწერა დაგვავალა. ძლივს გავბედე, მეთქვა, რომ ესეს მაგივრად, ლექსი დავწერე. ჩემი პირველი ლექსი. მეშინოდა, არ დამცინონ- მეთქი… არასდროს დამავიწყდება, როგორ გადამეხვია თვალცრემლიანი მასწავლებელი: ძალიან კარგიაო! მართალია, სინამდვილეში, ბევრის გასაკვირად, ისევ ისეთი გაუბედავი ვარ, როგორიც მაშინ, მაგრამ სამუდამოდ მადლიერი ვრჩები ამ ორი ძვირფასი ადამიანისა. ყველგან, სადაც არ უნდა წავიდე, მის ნახატებს ვეძებ და, თუ ვიპოვე, პატარა ნიქოქოსთან მაბრუნებს, რომელმაც ირწმუნა, რომ წერა შეუძლია — ამაზე უფრო საბედისწერო და ამაღელვებელი კი არც არაფერი დამტყდომია თავს.

განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც საქართველოს დატოვება მომიწია, ჩემს მთავარ იარაღად სწორედ ენა იქცა, ქართული ენა, რომელსაც არასდროს გაუცრუებია ჩემი იმედები და, რაც არ უნდა პათეტიკურად ჟღერდეს: ყოველთვის, როცა ძალიან მიჭირდა, იმაზე დიდი თავშესაფარი აღმოჩენილა, ვიდრე ნებისმიერი ცოცხალი არსება. ამადაცაა გასაოცარი, რომ იგი, თითქოს, თავადაც ცოცხალია, ხელშესახები, მოსახელთებელი… ღმერთების კი არა, ღმერთია თვითონ! შავი ზღვა და ქართული ენა — ეს ორი რამ იყო ჩემი სულის ნავსაყუდელი ბავშვობიდან და, წლებთან ერთად, ისე შევიყვარე ეს ენა, რომ მას შემდეგ, რაც ზღვას მოვწყდი, მასში ვცურავ თითქოს. მიყვარს, როცა ვლაპარაკობ ქართულად, როცა ვწერ ამ ულამაზესი ანბანით, ლექსს რომ ვწერ ამ ენაზე და ზოგიერთ სიტყვას ისე ვგრძნობ, გული რომ მიჩუყდება და მიჩქარდება, ისევე როგორც ყოველ ჯერზე შესვლისას შავ ზღვაში… ჩემი სამშობლოც ეგაა, ცხადსა და სიზმარშიც — ქართული ენა და შავი ზღვა!

ემიგრაციაში ცხოვრება მათ შორის, იმიტომაცაა რთული, რომ ადამიანებს თვალსა და ხელს შუა კარგავ, მათთან ერთად იხურება წარსულის ფანჯრები და ძვირფასი ამბები, თან მიაქვთ საკუთრივ მათთან დაკავშირებული გემოები, სუნები, საამო და მტკივნეული თავგადასავლები, ხუმრობები, რომლებზეც მხოლოდ ჩვენ ორს გაგვეცინებოდა და სხვას არავის დედამიწის ზურგზე. ცხადია, მოდიან ახლებიც… და ისევ იგივე წრე იწყება…

გზა საუკეთესო გამოსავალია, გზა და მოგზაურობა, მთელი ცხოვრების უსასრულო გზად აღქმა… ამდენად, იცი, რომ გზად ყველაფერი შეიძლება მოხდეს: ვიღაც ჩამორჩება, ვიღაც ჩიხში გადაუხვევს, ვიღაც დაიღლება, ვიღაც კი, უბრალოდ, გაჩერდება, შეწყვეტს სვლას… და არავინაა დამნაშავე! არავინაა ვალდებული შენ წინაშე ამ გზაზე! მთავარი ხომ ხედვის პერსპექტივაა. თვალსაჩინოებისთვის მაგონდება გამორჩეულად საინტერესო შვეიცარიელი მხატვრისა და მოქანდაკის, მარკუს რაცის გამოფენა “Oi Non Si / No Yes No” — ძირითად ნაწილს წარმოადგენდა მისი სამგანზომილებიანი სკულპტურები, რომლებიც ფორმირდებიან მაყურებლის პერსპექტივის შესაბამისად და, ამდენად, ეჭვქვეშ აყენებს ჩვენი აღქმების სანდოობას, მათ შორის, იმგვარი ფიქსირებული ცნებების შემთხვევაშიც, როგორიცაა “დიახ” და “არა”. (ნიშანდობლივია, რომ ეს ხდება სექსის კონტექსტში). განათება და სარკეები, სხვადასხვა ვიზუალური თამაშისა და აღქმის ხრიკების ვირტუალური გამოყენებით, იმგვარად უცვლის ფორმას ცნებებს, რომ ერთი მხრიდან ჭიქად აღქმული, ბოთლი აღმოჩნდება, ქალი კი — კაცი. (ამ ნამუშევრის წინ მდგომი, არაადეკვატურად ვიცინოდი, გამახსენდა ანტიგეი აქციაზე გამოტანილი პლაკატი: “საქართველოში კაცს არასოდეს ერქმევა ცოლი”. სავარაუდოდ, ამის შესახებ არ სმენია მარკუს რაცის). განსაკუთრებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა ნეილონის ძაფებით მოძრავი რკინის მავთულები, როგორც სამყაროში გაბნეული სახეები, (სხვადასხვა პერსპექტივიდან დანახული), ჩვენგან დამოუკიდებლად რომ ვუახლოვდებით და ვშორდებით ერთიმეორეს…

ლტოლვილებად ქცეულმა ქვიარ ქართველებმა, რომელთაც უკანასკნელ წლებში, საქართველო დატოვეს, მითხრეს, რომ სხვა ბევრ ამბავთან ერთად, კიდევ ერთი რამ აერთიანებთ — ღამეული “კოშმარი” — სიზმრად საქართველოში არიან…

დაზაფრულები იღვიძებენ, სანამ დაბეჯითებით არ დარწმუნდებიან, რომ ეს მართლაც კოშმარი იყო…

რა უნდა იყოს ამაზე უფრო სევდიანი?! — სამშობლო, როგორც კოშმარი…

ჩემს სიზმრებში კი, ისევე როგორც რეალურ ცხოვრებაში, მუდმივი მხოლოდ გზაა: შავი ზღვის სანაპიროზე, ან ქობულეთის რომელიმე ულამაზესი სოფლის ვიწრო გზაზე, მივეშურები ძვირფას ადამიანთან ერთად, რომელიც  მოულოდნელად ქრება, ვეძებ და ვერ ვპოულობ. სიზმრად მარტო დარჩენილი ცხადშიც მარტოსული ვიღვიძებ.

2018 წელს, ლაიფციგის ლტოლვილთა თავშესაფარში დაწერილ ერთ-ერთ ლექსში, ლტოლვილობაში ფეხადგმულ იესო ნაზარეველს ვეკითხები: “შენც ნახულობდი ასეთ სიზმრებს, ნაზარეველო?!”

და მაინც: დიდებულია სამშობლოს განცდა, თუნდაც სიზმრად და დამზაფვრელად… დამზაფვრელად შორს…

 

ბლოგები არ არის სარედაქციო კატეგორია და მოიცავს ავტორების პერსონალურ მოსაზრებებს.

ასევე დაგაინტერესებთ