ირაკლი კობახიძე ეზრა ზეიასთან შეხვედრაზე – ვერ მოვისმინე ვერც ერთი არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, თუ რა ანტიდემოკრატიული ცვლილება განხორციელდა საქართველოში ბოლო პერიოდში – ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს

მე ვერ მოვისმინე ვერც ერთი კონკრეტული პუნქტი იმასთან დაკავშირებით, თუ რა ანტიდემოკრატიული ცვლილება განხორციელდა საქართველოში ბოლო პერიოდის განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან ეზრა ზეიასთან შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, მან სახელმწიფო მდივნის მოადგილეს გადასცა გზავნილი, რომ საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისგან შემხვედრ ნაბიჯებს ელოდება.
„ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო მეგობრული შეხვედრა გუშინ. განვიხილეთ ყველა საკითხი. მე ვერ მოვისმინე ვერც ერთი კონკრეტული პუნქტი იმასთან დაკავშირებით თუ რა ანტიდემოკრატიული ცვლილება განხორციელდა საქართველოში ბოლო პერიოდის განმავლობაში. მქონდა კითხვები „გამჭვირვალობის შესახებ კანონთან“ დაკავშირებით. აქაც კიდევ ერთხელ იყო ზოგადი შეფასება, ყოველგვარი არგუმენტაციის, ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე. მე ვთხოვე მას, რომ მომავალში წარმოედგინათ კონკრეტული შენიშვნები ამ კანონთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გაგვიჭირდება, რა თქმა უნდა, ზოგად კომენტარებზე რეაგირება. ჩვენი სურვილია, მაქსიმალურად გაღრმავდეს ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რაც არაერთგზის დავაფიქსირეთ. ჩვენი მხრიდან არის აბსოლუტური ღიაობა. მთავარია, რომ ჩვენ ვიხილოთ შემხვედრი ნაბიჯები და კვლავაც ვართ მოლოდინის რეჟიმში, ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს, ეს გზავნილი გავუზიარე პირადად მას, როდესაც გვქონდა შეხვედრა. იმედი გვაქვს, რომ თანდათანობით ყველაფერი გაუმჯობესდება, ურთიერთობები გაჯანსაღდება. ჩვენ ვართ დარწმუნებულები, რომ სადღაც მომავალი წლის დასაწყისიდან, თვისობრივად შეიცვლება ურთიერთობების განვითარება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის”, – განაცხადა კობახიძემ.