„კონდიციონერის გამოყენება კარგია, თუმცა დაცული უნდა იყოს მისი მოხმარების პირობები“ – ალექსანდრე გოგინავა

ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად კომპანიების ოფისებსა და საცხოვრებელ სახლებში კონდიციონერებს აქტიურად მოიხმარენ. კონდიციონერები განთავსებულია საზაფხულო საბავშვო ბაღებშიც, თუმცა – მხოლოდ დერეფნებსა და დარბაზებში, რათა ბავშვებს დაბალი ტემპერატურის პირობებში არ მოუწიოთ ყოფნა.
მოქალაქეების ნაწილს მიაჩნია, რომ კონდიციონერი საზიანოა მათი ჯანმრთელობისთვის და ჰაერის მაღალი ტემპერატურის პირობებშიც კი გაგრილების ამ საშუალების გამოყენებაზე უარს ამბობს. ნაწილისთვის კი კონდიციონერის გარეშე ზაფხულის გატარება წარმოუდგენელია.
ამ საკითხზე განმარტებებს აკეთებს ექიმი-ინფექცონისტი ალექსანდრე გოგინავა, რომელიც ამბობს, რომ კონდიციონერის გამოყენება კარგია, რადგან ძლიერი სიცხე ადამიანების ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველია. თუმცა, მისივე თქმით, დაცული უნდა იყოს კონდიციონერის გამოყენების პირობები, პირველ რიგში აუცილებელია ბიოფილტრებს გაფილტვრა. რამდენ ხანშია ამის გაკეთებს საჭირო, ეს ინფორმაცია თავად პროდუქტზეა დატანილი და ასევე მის შესახებ ინფორმაციის მიღება რეალიზატორისგანაა შესაძლებელი.
„კონდიციონერის გამოყენება კარგია, მაგრამ არსებობს მიზეზები, რის გამოც შესაძლოა ის მავნე აღმოჩნდეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის. პირველ რიგში, უნდა მოხდეს მისი შემოწმება როგორც ესაა რეკომენდებული, იმიტომ რომ გარდა ინფექციებისა, კონდიციონერის არასწორმა გამოყენებამ შესაძლოა სხვა პრობლემებიც შექმნას. პრობლემა იქმნება, როცა ბიოფილტრების კარგად გაწმენდა და გამოცვლა არ ხდება. თუ ჩვენ წესებს ვიცავთ, კონდიციონერი შესაძლოა რაიმე დაავადების, განსაკუთრებით ინფექციების გავრცელების მიზეზი გახდეს,“ – განმარტა გოგინავამ.
მისი თქმით, თუ რეკომენდაციებს დავიცავთ, რისკები მინიმალურია, ხოლო თუ ბიოფილტრი გასუფთავებული არაა, დაბინძურებული ფილტრი შეიძლება სხვადასხვა ინფექციის წყარო გახდეს. მათ შორის ბაქტერიული და ვირუსული ინფექციების, ასევე შესაძლოა, ეს ფაქტორი სოკოვანი დაავადების წყარო გახდეს. შესაძლო გართულებებს შორის არის ზედა სასუნთქი გზების პრობლემები და ფილტვების ანთებაც კი.
გარდა არასწორი მოხმარებისა, გოგინავას თქმით, პრობლემები შესაძლოა შექმნას კონდიცირებულ გარემოში ინფექციური დაავადების მქონე ადამიანის ყოფნამ. კერძოდ, მისი განმარტებით, კონდიცირების საშუალებით ვირუსი შესაძლოა საერთო სივრცეში მყოფ ადამიანებს გადაეცეს. სწორედ ამიტომ მოქმედებდა კოვიდის პერიოდში კონდიცირების გამოყენებაზე უარის თქმის რეკომენდაცია საჯარო დაწესებულებებში.
„ამიტომ, თუ ვირუსული ინფექცია გვაქვს, მოვერიდოთ კონდიციონერის ჩართვას ან თავშეყრის ადგილს. კონდიცირება კარგია, უბრალოდ უნდა დავიცვათ წესები. კონდიცირების დროს სივრცე უნდა იყოს დახურული, მაგრამ თუ კონდიცირება რამდენიმე საათის განმავლობაშია ჩართული, ოთახები უნდა გავანიავოთ, განსაკუთრებით თუ ვინმე ინფიცირებულია. ეს ეხება ავტომობილის კონდიციონერსაც,“ – განაცხადა ინფექციონისტმა.
რაც შეეხება ბავშვებს, ალექსანდრე გოგინავა ამბობს, რომ ამ კუთხით ბავშვები მომეტებული რისკის ქვეშ იმყოფებიან, რადგან მათ ინფექციების მიმღებლობა ზოგადად, უფრო მაღალი აქვთ. მეორე ფაქტორია, თუ რამდენადაა შესაძლებელი საბავშვო ბაღში ან სახლში ტემპერატურის კონტროლი, რათა ბავშვებს ძალიან დაბალ ტემპერატურაში არ მოუწიოთ ყოფნა.
„თუ შეგვიძლია, რომ კონდიციონერი გამართულ მდგომარეობაში იყოს და ამასთან, შევინარჩუნოთ ნორმალური ტემპერატურა, უმჯობესია ჩავრთოთ კონდიციონერი, ვიდრე ადამიანი სიცხეში იყოს, რაც უფრო დიდ პრობლემებს შეუქმნის ჯანმრთელობას. „თუ კონდიციონერი გამართულად მუშაობს, მისი გამოყენება ცუდი არცერთი ასაკის ადამიანისთვის არაა,“ – აღნიშნა გოგინავამ.
Jandacva.ge

ასევე დაგაინტერესებთ