არასამთავრობო ორგანიზაციები – იუსტიციის უმაღლესი საბჭო 2013 წლამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება

მიმდინარე წლის 24 აპრილიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა დამკვირვებელი ორგანიზაციის წარმომადგენლებს საბჭოს შენობაში შესვლა სხდომების დაწყებამდე, ზეპირსიტყვიერი ბრძანებით აუკრძალა. მონიტორებს სხდომათა ლოდინი დამამცირებელ პირობებში უწევთ. ამასთანავე, საბჭოს წევრთა მხრიდან ადგილი ჰქონდა პროვოკაციულ ქმედებებსაც, რათა დამკვირვებლების დასწრების შეზღუდვას გარკვეული ლეგიტიმაცია შესძინონ- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „სასამართლო გუშაგი“ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, დაიცვას კანონის მოთხოვნები თავისი საქმიანობის საჯაროობასთან დაკავშირებით და უზრუნველყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებზე დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლების დასწრება მონიტორინგის მიზნით.
„მრავალი წინაღობის მიუხედავად არასამთავრობო ორგანიზაციები წლებია, მონიტორინგს უწევენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომათა მიმდინარეობას, თუმცა უკანასკნელ პერიოდში საბჭომ სრულად აღკვეთა აღნიშნული შესაძლებლობა. ეს პრობლემა პირველად 2024 წლის 8 ივლისს წამოიჭრა, ხოლო მეორედ – 11 ივლისს. ორივე შემთხვევაში, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მისულ დამკვირვებლებს მრავალსაათიანი ლოდინის შემდეგ განუცხადეს, რომ სხდომა გადაიდო. მოგვიანებით, ცხელი ხაზის მეშვეობით გაირკვა, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სხდომა ჩაატარა მაშინ, როდესაც დამკვირვებლები შენობაში იმყოფებოდნენ, თუმცა ისინი სხდომაზე არ დაუშვეს.
აღსანიშნავია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომათა მონიტორინგის საჭიროება სწორედ ამ ინსტიტუტის ანგარიშვალდებულების ნაკლებობიდან გამომდინარეა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე წელიწადზე მეტია აღარ ქვეყნდება საბჭოს გადაწყვეტილებები, არ იტვირთება სხდომათა აუდიოჩანაწერები და კონსტიტუციური ორგანო აღარ გასცემს საჯარო ინფორმაციას სრულად და დროულად. უფრო მეტიც, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევაში საბჭო წერილობითი სახითაც კი არ პასუხობს დაინტერესებულ მხარეს, რაც აფერხებს გასაჩივრების და სასამართლოს გზით საჯარო ინფორმაციის მიღების პროცესს.სამი არასამთავრობო ორგანიზაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობას სისტემატურად ვაკვირდებით, რასაც სხდომებზე დასწრების შემთხვევაში თან ახლავს საბჭოს მხრიდან სხვადასხვა სახის ხელოვნური წინაღობების შექმნა“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელსაც ხელს აწერენ: „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, „სასამართლოს გუშაგი“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“.
მიმართვის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – „ტექნიკურ მთავრობაზე“ საუბარი მხარდამჭერების უპატივცემულობაა, მაშინ ვის აძლევს ამომრჩეველი ხმას, რომელ პოლიტიკურ პარტიას? – ეს ყველაფერი აბსურდის თეატრია, ჩვეულებრივი მსახიობები არიან

ირაკლი კირცხალია – სალომე ზურაბიშვილს უნდა პრეზიდენტის სასახლე „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ საარჩევნო შტაბად აქციოს – არ გამოვრიცხავთ, არჩევნებამდე დარჩენილ ორ კვირაში პრეზიდენტის სასახლე „დაბრენდოს“ კიდეც