რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს პეტრე-პავლობას ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს პეტრე-პავლობას ულოცავს.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.
„მართლმადიდებლები დღეს წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა თავთა მოციქულთა პეტრეს და პავლეს იხსენიებენ. წმინდა მოციქული პეტრე ანდრია პირველწოდებულის უფროსი ძმა იყო. პეტრეს სახელად ადრე სვიმონი ეწოდებოდა. მისი რწმენის გამო უფალმა მას პეტრე უწოდა, რაც კლდეს ნიშნავს. წმინდა პეტრე მოციქული ჯვარზე აღესრულა. მისი სურვილით იგი თავდაყირა დაკიდეს, რათა ჯვარზე ისე არ ყოფილიყო გაკრული, როგორც ქრისტე.
წმინდა მოციქულ პავლეს კი მოციქულებრივ მსახურებამდე სავლე ერქვა. იგი მღვდელთმთავართა დავალებით მართლმადიდებლებს სდევნიდა. ღვთის განგებით იგი უეცრად დროებით დაბრმავდა, რა დროსაც ღმერთმა მას თავისკენ მოუწოდა. წმინდა მოციქულმა სიცოცხლე თავისკვეთით დაასრულა.
ქრისტეს მოწაფეთა, მოციქულთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს წმინდა პეტრე და წმინდა პავლე მოციქულებს მიაგებს და მათ თავმოციქულებს უწოდებს.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო პეტრე-პავლობას ულოცავს საქართველოს ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ