პაპუაშვილი: საბიუჯეტო დახმარება საფრანგეთიდან არ გვაქვს, გაუგებარია ელჩის განცხადება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ს თქმით, “არანაირი საბიუჯეტო დახმარება საფრანგეთიდან არ გვაქვს” და ელჩის განცხადება “არ შეესაბამება სიმართლეს”.
“საფრანგეთის ელჩის განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს. არანაირი თანხა საქართველოს ბიუჯეტში საფრანგეთის ბიუჯეტიდან არ შემოდის, ამიტომ ცოტა გაუგებარია რას ეხებოდა ეს განცხადება. საბიუჯეტო დახმარება არის სპეციფიკური დახმარების ინსტრუმენტი, როცა ამაზეა საუბარი არანაირი საბიუჯეტო დახმარება საფრანგეთიდან არ გვაქვს”. – თქვა პაპუაშვილმა.
საფრანგეთის ელჩის, შერაზ გასრის თქმით, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად, ამჟამად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი გაყინულია.
“27 ივნისს ევროპულმა საბჭომ დაასკვნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზა იყო დე ფაქტოდ შეჩერებული, ეს არის საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგი, რაც ყველამ იცის. ამ მიზეზით, ჩვენ გადავწყვიტეთ, დროებით შევაჩეროთ ჩვენი პირდაპირი დახმარება საქართველოს ბიუჯეტში და დახმარება გავუძლიეროთ სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას. საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია, შეატრიალოს კურსი, რათა დავუბრუნდეთ იმას, რისი გაკეთებაც გვინდა. ესე იგი, გავაგრძელოთ საქართველოს მხარდაჭერა ყველა სფეროში”. – საზოგადოებრივი მაუწყებლის თარგმანის მიხედვით, თქვა ელჩმა ბასტილიის აღების დღესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე ჟურნალისტებთან.
გუშინ, 10 ივლისს გერმანიის ელჩმაც თქვა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში “ძალიან რთული მომენტი” დადგა.
“საქართველოს გაწევრიანების პროცესი ჩერდება, რაც ახლა ევროკავშირის პოლიტიკაა. ეს ძალიან სამწუხაროა. ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად უნდა წავიდეთ წინ, გვსურს წინსვლა, მაგრამ გაწევრიანების პროცესის სიჩქარე და ხარისხი არის გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის ხელში”. – აღნიშნა ფიშერმა.