ზიანის ან არასათანადო მკურნალობის შემთხვევაში ვის უნდა მიმართოს პაციენტმა – იურისტ გვანცა ჟორჟოლიანის განმარტება

თუ ჩვენ გვინდა, რომ სამედიცინო დაწესებულებისგან ზიანის ანაზღაურება მოვითხოვოთ, მივმართავთ სასამართლოს. როცა გარკვეული პრეტენზია გვაქვს კლინიკის ან კონკრეტული ექიმისადმი და ვთვლით, რომ არ გაგვიწია შესაბამისი მომსახურება, ან გაგვიწია მომსახურება, მაგრამ ზიანი მიადგა ჩვენს ჯანმრთელობის, ამ შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით და საჩივრის ფორმით კონკრეტული სამედიცინო დაწესებულებისა და ექიმის მიმართ, – ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში იურისტმა გვანცა ჟორჟოლიანმა პაციენტის უფლებებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ამის შემდეგაც კომისია იწყებს საქმის შესწავლას და მიიღებს შესაბამის ზომებს.
„მაგრამ თუ ჩვენ ვსაუბრობთ ზიანის ანაზღაურებაზე, როგორც მატერიალურ ფორმაზე, პაციენტმა უნდა მიმართოს სასამართლოს. სასამართლოს უნდა მიმართოს ნებისმიერ შემთხვევაში თუ დაირღვა პაციენტის უფლებები – დაუზიანდა ჯანმრთელობა, არასწორად მოხდა მკურნალობა და დიაგნოზის დასმა“ – განმარტავს გვანცა ჟორჟოლიანი.
მისი თქმით, პაციენტი როდესაც მიდის სამედიცინო დაწესებულებაში, აქვს განწყობა, რომ არანაირი უფლება არ აქვს და სამედიცინო დაწესებულება თავად გადაწყვეტს, რა ტიპის სამედიცინო მომსახურება გაუწიოს.
„მოქალაქეებს აწერინებენ ხელს ძალიან ბევრ დოკუმენტზე გაუთვითცნობიერებლად და აუხსნელად და პაციენტს აქვს განცდა, რომ მას არ აქვს არანაირი უფლებები. საქართველოში გვაქვს პაციენტის უფლებების შესახებ კანონი, სადაც განსაზღვრულია რა უფლებები, მოვალეობები და პასუხისმგებლობები გვაქვს, როგორც პაციენტებს. იურისტები ამ უფლებებს „პაციენტის ოქროს შვიდი წესს“ ვეძახით. ეს წესებია:
· პაციენტს აქვს უფლება მიიღოს ქვეყანაში აღიარებული და დანერგილი სტანდარტების შესაბამისი პროფესიული სამედიცინო მომსახურება.
· პაციენტს აქვს უფლება მიიღოს სრულყოფილი მომსახურება განურჩევლად ეროვნებისა, ფერისა, კანის, რასისა, ქონებრივი თუ სოციალური წარმომავლობისა.
· პაციენტს აქვს უფლება მიიღოს სრული ობიექტური, დროული და გასაგები ინფორმაცია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა შესახებ. ზოგჯერ ვხდებით ისეთ შემთხვევებს, როცა ადამიანებს არ აძლევენ ინფორმაციას, რა ტიპის სამედიცინო მომსახურება უტარებს კლინიკა და ბოლოს, როცა პაციენტი გამოჯანმრთელდება და სახლში უნდა წასვლა, ჩამოუწერენ ძალიან დიდი პრეისკურანტს კოლოსალური თანხებით. არადა, კანონი პირდაპირ ავალდებულებს სამედიცინო დაწესებულებას, მომსახურების გაწევამდე ინფორმაცია მიაწოდოს პაციენტს, ან მის კანონიერ წარმომადგენელს, ან ოჯახის წევრს.
· პაციენტს აქვს უფლება უარი ან თანხმობა განაცხადოს სამედიცინო მომსახურებაზე.
· პაციენტს აქვს უფლება უარი ან თანხმობა განაცხადოს კონკრეტული მომსახურე ექიმის მომსახურებაზე ან სამედიცინო დაწესებულებაზე.
· პაციენტს აქვს უფლება მოითხოვოს თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი სამედიცინო დოკუმენტების და ისტორიის ასლები.
· პაციენტს აქვს უფლება უარი ან თანხმობა განაცხადოს მისი პერსონალური მონაცემების, მათ შორის სამედიცინო ჩანაწერების მესამე პირისთვის გადაცემაზე, ან კლინიკაში დატოვებაზე. თუ პაციენტი მოითხოვს, რომ მისი სამედიცინო ისტორიის დახურვის შემდეგ, მისი პერსონალური ინფორმაცია გაუქმდეს და წაიშალოს, კლინიკა ვალდებულია, პაციენტის მოთხოვნა დააკმაყოფილოს“, – განმარტავს გვანცა ჟორჟოლიანი.