როგორი იქნება „ვარკეთილი მოლი“ და როდის დასრულდება მშენებლობა – პროექტის კორექტირებული ვერსია შეთანხმებულია

ვარკეთილის მეტროსთან გარე ვაჭრობა თბილისის მერიამ 2022 წელს აკრძალა და იქ არსებული კონსტრუქციებისგან ტერიტორიაც გაათავისუფლა. თბილისის მერი მაშინ ამბობდა, რომ გარე მოვაჭრეები სპეციალურ სავაჭრო ზონებში იქნებოდნენ გადაყვანილი.
მიმდინარე წლის დასაწყისში თბილისის საკრებულოს სხდომაზე, ვარკეთილის მეტროს უკან, ახალი სავაჭრო ცენტრის მშენებლობაზე იმსჯელეს. პროექტის განაშენიანების რეგულირების გეგმა პირველად 2020 წელს დამტკიცდა, თუმცა კომპანია „მეტრო ჰოლდინგმა“ არსებულ გეგმაში ცვლილებები რამდენჯერმე ითხოვა.
მიმდინარე წლის მაისის ბოლოს, „მეტრო ჰოლდინგმა“ კორექტირებულ პროექტზე ნებართვა მიიღო, რომლის მიხედვითაც მშენებლობა 33 თვეში უნდა დაასრულოს.
კორექტირებული პროექტის მიხედვით, შენობის კონფიგურაცია იცვლება, ასევე მიწისქვეშა და მიწისზედა სართულების რაოდენობის და სართულის ცვლილება მოხდა. რაც შეეხება თავად სავაჭრო ცენტრის პროექტს, კომპანიის ცნობით, ჯამში კომერციული ფართობი დაახლოებით 14842.3 კვ.მ-ს შეადგენს.
„მიწის ნაკვეთის ფართობია 8316 მ2. ტერიტორიის ჩრდილო-აღმოსავლეთთ მდებარეობს მეტროსაგური. მიწის ნაკვეთს სამი მხრიდან, კერძოდ, ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთ და სამხრეთიდან ესაზღვრება საავტომობილო გზა, ხოლო დასავლეთით შენობა-ნაგებობები.
პროექტის კონცეფცია სივრცით-მოცულობითი გადაწყვეტისას განპირობებულია მრავალფუნქციური საქმიანი და საზოგადოებრივი გარემოს თავისებურებიდან გამომდინარე, სართულზე ვერტიკალური და ჰორიზონტალური კავშირების გამოყენებით.
საპროექტო შენობის გაბარიტული ზომებია 117 X 60მ. ტერიტორიაზე სამანქანო კავშირი ხორციელდება, როგორც ჩრდილოეთ, ასევე სამხრეთ ნაწილებიდან. შენობის ნულოვან სართულად მიჩნეულია ჩრდილოეთის მხრიდან მიწისპირა სართული. ჩრდილოეთის მხრიდან შენობა მიწის ზემოთ ოთხ სართულიანია, ხოლო მიწისქვეშ სამი სართული. სავაჭრო ცენტრში მთავარი შემოსვლა ხორციელდება ნულოვან სართულზე ჩრდილოეთის მხრიდან. ნულოვან და მომდევნო სამ სართულზე განთავსებულია სავაჭრო ობიექტები, ასევე ბოლო სართულზე გვხვდება რესტორნები და ღია ტერასა. მიწისქვეშა სართულებზე განთავსებულია ავტოსადგომები და ყველა საჭირო დამხმარე სივრცე“, – ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.
კომპანიის მხრიდან ურბანული სამსახურისთვის წარდგენილ წერილში ვკითხულობთ, რომ „მეტრო ჰოლდინგის“ პოზიციაა, რომ მშენებარე სავაჭრო ცენტრის სრულყოფილად ამოქმედებისთანავე, მეორე ეტაპად დაგეგმილია გზისპირა სავაჭრო ობიექტების მფლობელებისთვის, კომპლექსის შიდა, კომფორტულ სივრცეში გადმოყვანის შეთავაზება და სავალი ნაწილის გაფართოების მიზნით გზისპირა განაშენიანების დემონტაჟი.
ბიზნეს რეესტრის მონაცემების მიხედვით, კომპანია შპს „მეტრო ჰოლდინგის“ 37.5%-იან წილს ნინო ზაქაიძე ფლობს, 30%-იანი წილის მფლობელი შპს „ვარკეთილი მოლია“ (რომელსაც ყაზახეთის მოქალაქეები ფლობენ), 7.5%-ს შპს „ზურგოვანა ვილა“ ფლობს (რომლის მფლობელიც ნინო ზაქაიძეა), ხოლო აზერბაიჯანის მოქალაქე ილგარ აჰმადოვ კომპანიის 25%-იანი წილის მფლობელია.