ორი განსხვავებული ტაიმი – “ტორპედო” “ტირანასთან” ფრეს დასჯერდა

კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „ტორპედო“ საკუთარ მოედანზე „ტირანას” დაუზავდა – 1:1.
მასპინძლები სრულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, სამი ნაღდი მომენტი ვერ გამოიყენეს და მაინც მოახერხეს დაწინაურება – ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთს საკუთარ კარში ადგილი მიჩიმ მიუჩინა და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.
შესვენების შემდეგ ტემპი დაეცა, თამაში ნაკლებად სანახაობრივი გახდა, ქუთაისურმა გუნდმა უკან დაიხია, ალბანელებმა კარგი შანსი ვერ გამოიყენეს. შემდეგ მომენტები „ტორპედომ“ შექმნა, მაგრამ პირესს გატანა მეკარე სელმანიმ არ დანება, გიგაურის შორიდან დარტყმული ბურთი კი მიზანს ოდნავ ასცდა. 87-ე
წუთზე კი ჰაჯიუმ ანგარიში გაათანაბრა. მერე საჯარიმოში ქუთაისელთა თავდამსხმელი იონსენი მიჩისთან ბურთზე ბრძოლისას გაზონზე აღმოჩნდა, თუმცა მსაჯმა პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია. ბოლოს სტუმართა ფორვარდი ჟარმუნი “ტორპედოს” მეკარესთან პირისპირ გავიდა და კლიაიჩმა გადაგვარჩინა.
საპასუხო შეხვედრა 18 ივლისს ჩატარდება.
ტორპედო – ტირანა 1:1
გოლები: 1:0 მიჩი (20), 1:1 ჰაჯიუ (87)
ტორპედო: კლიაიჩი, ნადარაია, მჭედლიშვილი (ჟორჟინიო 64), შერგელაშვილი, აურო (ბიძინაშვილი 81), მონტეირო, ელიტონი, გიგაური, ნინკოვიჩი (მანჯგალაძე 94), პირესი, იონსენი