რუსეთის მთავრობა იარაღის მწარმოებელი უმსხვილესი გერმანული კომპანიის, Rheinmetal-ის დირექტორის, არმინ პაპერგერის მკვლელობას გეგმავდა. ინფორმაციას CNN-ი საკითხის მცოდნე ხუთ ამერიკელ და დასავლელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების თქმით, ეს მცდელობა რუსეთის მიერ ევროპელი თავდაცვის ინდუსტრიის ხელმძღვანელების მკვლელობების შესახებ ფართო გეგმების ნაწილია.
მათივე ცნობით, როდესაც ამერიკული დაზვერვისთვის რუსეთის გეგმის შესახებ ცნობილი გახდა, მათ ეს ინფორმაცია გერმანელ კოლეგებს მიაწოდეს. გერმანიის სპეცსამსახურებმა კი პაპერგერის დაცვა მოახერხეს. მაღალი რანგის გერმანელმა ხელისუფლების წარმომადგენელმა CNN-ს დაუდასტურა, რომ ბერლინი გეგმის შესახებ აშშ-მ გააფრთხილა.
კომპანია Rheinmetall უკრაინის ჯარისთვის სხვადასხვა ტიპის იარაღს აწარმოებს, მათ შორის, საარტილერიო ჭურვებს, ჯავშანტექნიკას და საჰაერო თავდაცვის სისტემებს. ამავდროულად, კომპანია უკრაინის ტერიტორიაზე რამდენიმე სარემონტო ქარხნის გახსნასა და მომავალში ჯავშანტექნიკის წარმოებას გეგმავს.
