რუსეთში შესაძლოა ამოქმედდეს ახალი რეგულაცია, რომლის თანახმად, ნებისმიერი ბლოგერი ან სოციალური ქსელების მომხმარებელი, რომლის ყოველდღიური აუდიტორია 1000 ადამიანს აღემატება ვალდებული იქნება რეგისტრაცია როსკომნადზორში (კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მასმედიის ზედამხედველობის ფედერალური სამსახური) გაიაროს. ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო მაუწყებელზე, ТАСС-ზე დაყრდნობით მედია მედუზა ავრცელებს.
როსკომნადზორის პრესსამსახურის ცნობით, “ინფორმაციული კანონის თანახმად, ინფორმაცია, რომელიც მასობრივი საინფორმაციო საშუალებების გარეთ ვრცელდება, უნდა მოიცავდეს მისი მფლობელის ან გამავრცელებლის შესახებ გადამოწმებულ ინფორმაცია ისეთი ფორმითა და მოცულობით, რომელიც საკმარისი იქნება მისი იდენტიფიცირებისთვის”.
ეს რეგულაციები პერსონალურ ანგარიშებზეც ვრცელდება, თუმცა ამჟამად, ეს რეგულაცია უმეტეს შემთხვევაში არ სრულდება. ამ სიტუაციის შესაცვლელად, იგეგმება ცალკეული პუნქტების დაკონკრეტება, რომელთა თანახმად, რეგულაცია შეეხება მხოლოდ იმ მომხმარებლებს, რომელთა ყოველდღიური აუდიტორია 1000 ადამიანს აღემატება.
ინიციატივის თანახმად, ის ბლოგერები ან სოციალური ქსელის მომხმარებლები, რომლებსაც ასეთი მოცულობის აუდიტორია ჰყავს, ვალდებულები იქნებიან შეატყობინონ როსკომნადზორს თავიანთი გვარი, სახელი, მამის სახელი და ის საკონტაქტო ინფორმაცია, სადაც იურიდიულად მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიეწოდებათ.
რუსულ კომპანიებს აეკრძალებათ რეკლამის ისეთ საჯარო გვერდებზე განთავსება, რომელთა მომხმარებლები არ არიან აღრიცხულნი როსკომნადზორში.
“ეს არ არის განყოფილებაში რეგისტრაცია, არამედ მარეგულირებლისთვის იმის შეტყობინება, რომ კონკრეტული ანგარიშის მფლობელი ავრცელებს ინფორმაციას”. – ამბობს როსკომნადზორის პრესსამსახური.
