„განსასჯელის სკამზე ვარ ჩაუდენელი დანაშაულისთვის” — ქაცარავას საქმეზე გადაწყვეტილება 18 ივლისს გამოცხადდება

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კობა ჩაგუნავამ დავით ქაცარავას საქმეზე სხდომა გადადო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე, რომლის ფარგლებშიც ქაცარავას პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავება, გადაწყვეტილება 18 ივლისს გამოცხადდება.
დღევანდელ სხდომაზე დავით ქაცარავას მხარემ ვიდეო მტკიცებულებები წარმოადგინა, რომელზე დაყრდნობითაც ადვოკატები აცხადებენ, რომ ქაცარავას მხრიდან ადგილი არ ჰქონია პოლიციელების შეურაცხყოფას:
„ეს ბრალდება სამწუხაროდ არის ტენდენციური და განკუთვნილია ზუსტად იმისთვის, რათა დავისაჯო იმისთვის, რაც მე არ ჩამიდენია. წარმოდგენილ მტკიცებულებებში კარგად ნახეთ, რომ ჩემი მხრიდან არანაირი შეურაცხყოფა არ ისმის,“ — თქვა დავით ქაცარავამ სასამართლო სხდომაზე სიტყვით სარგებლობისას.
დღევანდელ სხდომაზევე დავით ქაცარავამ, რომელსაც შსს პოლიციელების მიერ მისი ცემის დღეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავება, მოსამართლე კობა ჩაგუნავას მიმართა და განაცხადა, რომ წუხს იმის გამო რომ პოლიციელებს ამ საქმეზე სასამართლოს წინაშე ტყუილის თქმა მოუწიათ:
„ჩემთვის სამწუხაროა, რომ მიწევს პოლიციელების მხილება არათანმიმდევრულ ჩვენებაში. როდესაც ისინი ჰყვებოდნენ ჩემი დაკავებიდან რა დროში გადამიბარეს, ამბობდნენ, ეს 5 წუთს გაგრძელდაო. უკვე აქ გამოჩნდა, რომ ჩვენება ძალიან მოუმზადებელი და შეუთანხმებელი იყო, ვინაიდან, ჩემი ცემის ხუთივე ეპიზოდმა ჯამში 40 წუთამდე გასტანა.
ჩემი ცემის პირველი ეპიზოდი დაიწყო დაკავების მომენტიდან როგორც კი პოლიციელებმა შემიყვანეს კორდონის შიგნით და გამომიყვანეს ჭიჭინაძის ქუჩაზე; შემდეგ არის კადრები, სადაც ჭიჭინაძის ქუჩის კუთხეში მინიმუმ 5-10 წუთი გაჩერებული ვყავარ, იქ სპეცრაზმელებმა წამართვეს ჩემი პირადი ნივთები საფულე, ჩანთა და სხვა პირადი ნივთები.
ამის შემდეგ იყო ცემის კიდევ ერთი ეპიზოდი, სადაც წრეში მომაქციეს და 15-მა ადამიანმა მცემა. შემდეგ ჩამოიყვანეს ფურგონი და იქ ცემის სამი ეპიზოდი იყო, ეს ხდებოდა დაახლოებით 10-15 წუთიანი ინტერვალებით. ჯამში ჩემი დაკავებიდან მეხუთე წამის ეპიზოდამდე, როდესაც გადამიბარა პოლიციის ეკიპაჟმა, მინიმუმ გასული იყო 40 წუთი, ასე რომ, ბატონი პოლიციელების ჩვენება იყო მომზადებული მაგრამ არა ფაქტებთან შესაბამისობაში.
სამწუხაროდ გული მტკივა და ძალიან ვწუხვარ რომ პოლიციელებს მოუწიათ ტყუილის თქმა სასამართლოზე. მე დღეს აქ ვარ განსასჯელის სკამზე იმ დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩამიდენია,“ — აღნიშნა დავით ქაცარავამ.
მორიგი სასამართლო სხდომა, რომელზეც კობა ჩაგუნავა გადაწყვეტილებას გამოაცხადებს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 ივლისს გაიმართება.
ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ: აქციაზე ნაცემ ქაცარავას აქეთ ასამართლებენ

ასევე დაგაინტერესებთ