პარტია ლელოს დეპუტატი, ანა ნაცვლიშვილი ბრიფინგზე NATO-ს ვაშინგტონის სამიტის ფარგლებში გამოქვეყნებულ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დეკლარაციის შესახებ საუბრობს, სადაც საქართველოს ალიანსის წევრობა ნახსენები აღარ არის და ამის მიზეზად ნაცვლიშვილი ხელისუფლების მიერ რუსული კანონის მიღებას ასახელებს.
“საქართველო აუცილებლად გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფო” – ეს არის ის ჩანაწერი, რომელიც საქართველოს თითოეული მოქალაქის და ქვეყნის სტაბილური განვითარების გარანტია იყო და ეს ასეც უნდა დარჩეს, მაგრამ დღეს მიღებულ ნატოს კომუნიკეში ეს ჩანაწერი აღარ არის.
ხელისუფლებამ, რომელიც ემსახურება რუსეთს და კრემლის ინტერესებს და არა ქართველი ხალხის ინტერესებს, მოახერხა და შეაჩერა ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის პროცესი, სწორედ ეს არის რუსული კანონის და ხელისუფლების რუსული პოლიტიკის უმძიმესი შედეგი, სწორედ ამიტომ ვეწინააღმდეგებოდით ჩვენ რუსულ კანონს და ვეწინააღმდეგებით ხელისუფლების რუსულ პოლიტიკას, ეს წინააღმდეგობა გაგრძელდება და აუცილებლად დასრულდება საქართველოს გამარჯვებით არჩევნებზე.
დღეს დამდგარი ძალიან მძიმე შედეგი არის დასტური იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ნაცვლად საქართველოს დაცვისა, დაკავებულია ქვეყნის ინტერესების საბოტაჟით, კარგი ამბავი არის ის, რომ მხოლოდ სამი თვე რჩება არჩევნებამდე, რომლითაც უნდა შეიცვალოს რუსეთის და არა საქართველოს მსახურის ივანიშვილის და მისი დაჯგუფების ძალაუფლებაში ყოფნა.
მე მინდა მივმართო საქართველოს თითოეულ საჯარო მოხელეს, თითოეულ პირს, რომელსაც აცვია ფორმა და ემსახურება საქართველოს უსაფრთხოებას და საქართველოს თავდაცვას, ახლა თითოეული თქვენგანის კომუნიკაცია თქვენს პარტნიორებთან, ჩვენი ქვეყნის პარტნიორებთან და მეგობრებთან არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ გადავარჩინოთ საქართველოს ატლანტიკური მომავალი და გადავარჩინოთ საქართველოს უსაფრთხოების გარანტიები. ჩვენის მხრივ, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ გვქონდეს კომუნიკაცია დიპლომატიურ წრეებთან, პოლიტიკურ წრეებთან, რადგან საქართველოს უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი და არ ჩაიკეტოს ევროატლანტიკური მომავალი, რისთვისაც გამალებით მუშაობს კრემლი და მისი მსახური ივანიშვილი”. – ამბობს ნაცვლიშვილი.