განათლების მინისტრი – მნიშვნელოვანი სახელფასო მატება ექნება 2024 წელს სკოლის ტექნიკურ პერსონალს

დამლაგებელს, ტექნიკურ პერსონალს, დარაჯს დეტალურად ვიცი, რა ხელფასიც აქვთ – შემიძლია, ამ ხალხს დავპირდე და ვუთხრა, რომ მნიშვნელოვანი სახელფასო მატება ექნება 2024 წელს ტექნიკურ პერსონალს, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა „მინისტრის საათის” ფორმატში დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, აღნიშნული მიმართულებით სრული მზაობა არის და ბიუჯეტიც მომზადებულია.
„რაც შეეხება დამლაგებელს, ტექნიკურ პერსონალს, დარაჯს… დეტალურად ვიცი, რა ხელფასიც აქვთ, უხერხულიც არის დღევანდელ პირობებში აღნიშნულზე საუბარი, იმ ანაზღაურებაზე, რომელიც არის.
არის სკოლები, სადაც 160-170 ლარია ჩვენდა სამწუხაროდ ხელფასი. იქ შესაძლოა, 40%-იანი ზრდაც გავაკეთოთ, მაგრამ სადაც დიდი სკოლებია და ანაზღაურება მეტია, ვფიქრობ, მინიმუმ 20%-იან ზრდას და არა 10%-იანს. შემიძლია, ამ ხალხს დავპირდე და ვუთხრა, რომ მნიშვნელოვანი სახელფასო მატება ექნება 2024 წელს ტექნიკურ პერსონალს, გაცილებით მეტი, ვიდრე ეს არის 10%, როგორც ყოველთვის. სრული მზაობა გვაქვს და ბიუჯეტი მომზადებულია“,- აღნიშნა მინისტრმა.