კობახიძე: ბიუჯეტი ₾519 მილიონით იზრდება, 115 მლნ ჯანდაცვას გადაეცემა, 100 მლნ – თავდაცვას

პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, “მაღალი ეკონომიკური ზრდა და ფისკალური კომსოლიდაციის მაღალი მაჩვენებელი” ქვეყნის ბიუჯეტის გაზრდის შესაძლებლობას იძლევა.
“მთლიანობაში 519 მილიონი ლარით შეგვიძლია გავზარდოთ წლევანდელი ბიუჯეტი და უკვე გვქონდა მსჯელობა ამ თანხის სავარაუდო განაწილებასთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, ეს თანხები განაწილდება შემდეგი სახით:
· 115 მილიონი ლარით გაიზრდება ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი
· 100 მილიონი ლარით თავდაცვის ბიუჯეტი
· 80 მილიონი ლარით განათლების სამინისტროს ბიუჯეტი
· 33 მილიონი ლარით კულტურის და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი
· 10-10 მილიონი ლარი გადაეცემა -ს და რეგიონალური განვითარების სამინისტროებს
· 6 მილიონი ლარით გაიზრდება საგარეო საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი
· 3 მილიონი ლარი გადაეცემა ცესკოს
· 60 მილიონი დაემატება სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების სამუშაოებს
· 102 მილიონი გადაეცემა მუნიციპალიტეტებს” – თქვა ირაკლი მ.
პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომაზე ასევე აღნიშნა, რომ “გვაქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა და წინასწარი მონაცემებით ივნისში ასევე დაფიქსირდება ზრდის მაღალი მაჩვენებელი”.
“გვაქვს ძალიან კარგი ტენდენციები, ველოდებით კარგ ტურისტულ სეზონს. არსებული მონაცემებიც, პირველი ორი კვარტლის მონაცემები არის ძალიან კარგი და დამაიმედებელი. ასეთ პირობებში გვაქვს ყველანაირი წინაპირობა იმისთვის, რომ წელს შარშანდელზე უკეთესი ეკონომიკური მაჩვენებლები დაფიქსირდეს” – ამბობს კობახიძე.
პრემიერმინისტრი რუსული კანონის მიღების შემდეგ ლარის მკვეთრ გაუფასურებასაც გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ეს იყო “მოკლევადიანი რყევა”, რომელიც ეროვნულმა ბანკმა “ეფექტიანად” მართა.
“ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნული ვალუტის სტაბილურობა. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გვქონდა მოკლევადიანი რყევა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რაზეც ჩვენი ოპოზიცია დიდ იმედებს ამყარებდა.
თუმცა, სწრაფი ეკონომიკური ზრდის და ეფექტიანი მართვის წყალობით ლარის კურსი ძალიან მალე დაუბრუნდა პრაქტიკულად პირვანდელ ნიშნულს. ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო განსაკუთრებით ეროვნულ ბანკს, პირადად ნათია თურნავას, რომელმაც ეფექტიანად მართა ეს პროცესი და საბოლოო ჯამში უზრუნველყო ეროვნული ვალუტის სტაბილურობა.
ყველას გახსოვთ, როგორ ცდილობდნენ თავის დროზე ოპოზიცია და მათი მფარველები, მეგობრები, საქართველოს ეროვნული ბანკის დაკომპლექტებას საკუთარი კადრებით. არც მინდა წარმოვიდგინო, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ დღეს ეროვნული ბანკი იქნებოდა დაკომპლექტებული სწორედ ოპოზიციის კადრებით. ჩვენ გვახსოვს ასეთი პროცესები წინა წლებიდან და, რა თქმა უნდა, ამის გამეორებას ვერ დავუშვებდით” – თქვა მ.
რუსული კანონის მიღებამ ლარის მკვეთრი გაუფასურება გამოიწვია – ერთ თვეში ეროვნული ვალუტა დოლართან 18.22 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან – 16.77 თეთრით.
ამ პერიოდში ეროვნულმა ბანკმა რეზერვებიდან 168 700 000 დოლარი გაყიდა. შედეგად, ლარი შედარებით დასტაბილურდა და რუსული კანონის მიღების შემდგომი გაუფასურება დოლართან 6.22 თეთრს შეადგენს, ხოლო ევროსთან – 7.43 თეთრს.

ასევე დაგაინტერესებთ