საქპატენტმა და ევროპის საპატენტო უწყებამ (EPO) ორწლიანი საერთო სამოქმედო გეგმა დაამტკიცა – სოსო გიორგაძემ და ანტონიო კამპინოსმა დოკუმენტს ჟენევაში მოაწერეს ხელი

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალური ასამბლეის რიგით 65-ე სესიის ფარგლებში, საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე ევროპის საპატენტო უწყების (EPO) პრეზიდენტს ანტონიო კამპინოსს შეხვდა.
საქპატენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე სოსო გიორგაძემ და ანტონიო კამპინოსმა ხელი მოაწერეს ორწლიან საერთო სამოქმედო გეგმას, რაც ორმხრივი, ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგია და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის გაძლიერების საქმეში.
„შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოში პატენტრწმუნებულების ინსტიტუტის განვითარებას, საქპატენტის ელექტრონული საქმისწარმოების დახვეწას, ასევე, არსებული სერვისების გაუმჯობესებასა და ახალი სერვისების დანერგვაში მხარდაჭერას. გარდა ამისა, იგეგმება საპატენტო ექსპერტების კვალიფიკაციის ამაღლებისათვის საჭირო ერთობლივი სამუშაოების განხორციელება.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოსა და ევროპის საპატენტო უწყებას შორის ერთობლივი ორწლიანი სამოქმედო გეგმის მიღება ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რაც, თავის მხრივ, დადებით გავლენას მოახდენს ევროპის საპატენტო კონვენციასთან საქართველოს მიერთების პროცესის დაჩქარებაზე, შედეგად კი საქართველო ევროპის საპატენტო ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი გახდება.
აღსანიშნავია, რომ სამოქმედო გეგმის ხელმოწერას წინ უძღოდა შეთანხმება ევროპული პატენტების საქართველოში ვალიდაციის შესახებ, რომელიც 2024 წლის 15 იანვარს შევიდა ძალაში და რომლის შედეგად ევროპულ საპატენტო სივრცეს, რეგიონში ყველაზე მზარდი ეკონომიკის მქონე საქართველო 45-ე ქვეყნად დაემატა.
ჟენევაში EPO-ს პრეზიდენტ ანტონიო კამპინოსთან გამართულ შეხვედრაზე სოსო გიორგაძემ ვრცლად ისაუბრა მიმდინარე წელს საქპატენტის მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პატენტრწმუნებულთა ინსტიტუტის რეფორმას, რომლის ფარგლებში საქართველოში პირველად ამოქმედდა პატენტრწმუნებულთა შესახებ კანონი, რაც ქვეყანაში სრულიად ახალი, განვითარებასა და სიახლეების დანერგვაზე ორიენტირებული, თანამედროვე ინსტიტუტის ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს. საქპატენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა EPO-ს გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას, პატენტრწმუნებულების უწყვეტი პროფესიული განვითარების სტანდარტების ეფექტიანად დანერგვაში ისეთ მიმართულებებში, როგორებიცაა პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდები და სპეციალური მოსამზადებელი კურსები.
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალური ასამბლეა ჟენევაში ყოველწლიურად იმართება. წელს ასამბლეის რიგით 65-ე სესია 9 ივლისს გაიხსნა და 17 ივლისამდე გაგრძელდება. მიმდინარე სესიაზე ასამბლეის დელეგატები შეაჯამებენ განვლილი წლის საქმიანობის შედეგებს, იმსჯელებენ სფეროში არსებულ გამოწვევებსა და ამოცანებზე, განიხილავენ მთავარ მიმართულებებსა და პრიორიტეტებს, რომლებიც WIPO-ს წევრი სახელმწიფოების ინტელექტუალური საკუთრების პოლიტიკას განსაზღვრავს.
ასამბლეის ფარგლებში, საქპატენტის თავმჯდომარე შეხვედრებს გამართავს WIPO-ს გენერალურ დირექტორთან დარენ ტანგთან, მის მოადგილესთან ვანგ ბინინგთან, ასევე, შეხვდება WIPO-ს აკადემიის დირექტორს შერიფ საადალას და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) აღმასრულებელ დირექტორს ჟოაო ნეგრაოს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ