ბირჟაზე გამყიდველები არ არიან მზად ელექტროენერგია იმ ფასად გაყიდონ, რა ფასსაც მომხმარებელი გადაიხდის – ირაკლი გალდავა

ენერგეტიკულ ბირჟაზე, რომელიც მიმდინარე წლის 1-ელ ივლისს გაიხსნა, დღემდე ვაჭრობა არ შემდგარა. ამის მიზეზად „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი გალდავა იმას ასახელებს, რომ გამყიდველები არ არიან მზად ელექტროენერგია გაყიდონ იმ ფასად, რა ფასის გადასახდელადაც მზად არის მომხმარებელი. მისი თქმით, პირველი კვირის განმავლობაში ვერ მოხდა ყიდვის და გაყიდვის განაცხადების თანხვედრა.
„ვაჭრობის პირველ დღეს გვყავდა 4 მონაწილე. 1 კვირის განმავლობაში კიდევ დაგვემატა 2 მონაწილე. სულ 6 მონაწილეა რეგისტრირებული ამ ეტაპზე ბირჟაზე. მოსალოდნელია, რომ რაოდენობა გაიზრდება. როგორც ვაკვირდებით, არის მზაობა როგორც ყიდვაზე, ისე გაყიდვაზე. არის შესაბამისი განაცხადები განთავსებული. შეთავაზებული რაოდენობა არც ისე მცირეა იმ მოლოდინებიდან გამომდინარე, რაც ჩვენ გვაქვს. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ პირველი კვირის განმავლობაში ვერ მოხდა ყიდვის და გაყიდვის განაცხადების თანხვედრა. მიზეზი არის ის, რომ გამყიდველები არ არიან მზად ელექტროენერგია გაყიდონ იმ ფასად, რა ფასის გადასახდელადაც მზად არის მომხმარებელი. სხვაობა შეთავაზებულ ფასებს შორის არის ცვალებადი. რიგ შემთხვევაში ეს იყო 1 თეთრზე ნაკლები, ზოგჯერ იყო ცოტა მეტიც. მაგრამ ფაქტია, რომ გამყიდველები ამ ეტაპზე არ არიან მზად გაყიდონ ენერგია კიმ ფასად, რა ფასსაც გადაიხდის მასში მომხმარებელი. ეს იყო პირველი კვირა, ახალ შესაძლებლობებს ეცნობოდა ორივე მხარე“, – განაცხადა რადიო „კომერსანტის“ ეთერში ირაკლი გალდავამ.
„საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის განმარტებით, სიფრთხილით დაწყებული ბაზრის რეფორმის გათვალისწინებით, არ იყო მოლოდინი, რომ პირველივე დღიდან მნიშვნელოვანი რაოდენობის ელექტროენერგიით ვაჭრობა მოხდებოდა ბირჟაზე.
„ვაჭრობის გარდამავალი მოდელი, რომელიც დამტკიცდა და ითვალისწინებს, რომ არ ამოქმედებულა არც საბალანსო ბაზარი და არც საათობრივი დაბალანსების ვალდებულება, თუმცა, გვაქვს ყოველთვიური დაბალანსების მოდელი. ამავდროულად, უნდა გავითვალისწონოთ ის შეზღუდვები, რომლითაც გაიხსნა ბირჟა. მონაწილეების დიდ ნაწილს აქვს შეზღუდული ბირჟაზე ელექტროენერგიის ყიდვა, ან გაყიდვა. მოლოდინი იყო, რომ თავიდან იქნებოდა გაცნობითი ხასიათის და დროთა განმავლობაში, როცა დაიხვეწებოდა სხვა გარეშე ფაქტორები, შესაძლებელი იქნებოდა გაზრდილიყო ინტენსივობა ბირჟაზე ვაჭრობის. განაცხადები იყო, ტრანზაქცია სამწუხაროდ ჯერ ვერ შედგა, მაგრამ ესეც არ არის ამ ეტაპზე მოულოდნელობა და პრობლემა“, – აცხადებს ირაკლი გალდავა.