საკონსტიტუციომ უცხოელებისთვის საზღვრის კვეთის თვითნებურ პრაქტიკაზე სარჩელი განსახილველად არ მიიღო – SJC

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“(SJC) განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლომ განსახილველად არ მიიღო მათი სარჩელი, რომელიც
უცხოელებისთვის საზღვრის კვეთის „თვითნებურ პრაქტიკას“ შეეხებოდა.
კერძოდ, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა.
სადავო ნორმა ადგენს, რომ: „უცხოელს საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე შეიძლება უარი ეთქვას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.“
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, ნორმის გამოყენების პრაქტიკის ანალიზი აჩვენებს, რომ სამართალდამცავი ორგანოები საკუთარ გადაწყვეტილებებში თითქმის არასდროს უთითებენ კონკრეტულად რომელი კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლით ეუბნებიან უცხოელს საქართველოში შემოსვლაზე უარს.
„ეს ნორმა მუდმივად ხდება კრიტიკული ჟურნალისტებისთვის, აქტივისტებისთვის, მკვლევრებისთვის, პოლიტიკოსებისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის მიზეზი. ხშირად, და სუს-ი მათ მიერვე შექმნილი ე.წ. „სიების“ საფუძველზე განსხვავებული პოლიტიკური და იდეოლოგიური მოსაზრებების გამო, კონკრეტული პირების გადაადგილების თავისუფლებას ზღუდავენ და მათ, საზღვრის კვეთაზე უარის მიზეზის გარკვევისა და სასამართლოში დავის შესაძლებლობაც არ ეძლევათ“, – აცხადებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შეფასებით, სადავო ნორმა, უშვებს უცხოელისთვის საქართველოს საზღვრის კვეთაზე უარის თქმის არაგანჭვრეტად და თვითნებურ შესაძლებლობებს, რაც არღვევს თანასწორობისა და ადმინისტრაციულ ორგანოში საქმის სამართლიანად განხილვის კონსტიტუციურ უფლებებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი ხაზარაძე- გახარიაზე – ეს არ არის ამ ორი სუბიექტის კეთილი ნება, ეს არის გარკვეული გარე დავალების რეალიზაციის პროცესი – კოალიციას შექმნიან, ეს სცენარი წინასწარ დაწერილია და მის რეალიზაციას წინ არაფერი დაუდგება