გიორგი გახარია – თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის სამსახურშია, უნდა იყოს დაცული, სხვა შემთხვევაში ახალგაზრდები დატოვებენ ქვეყანას

საქართველოს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის სამსახურშია, უნდა იყოს დაცული, სხვა შემთხვევაში ახალგაზრდები დატოვებენ ქვეყანას, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა.
მისივე თქმით, პოლიტიკოსებმა დასაქმებულების უფლებებზე უნდა გაამახვილონ ყურადღება და არა იმაზე, ვინ ვის უერთდება და ვინ რა პოლიტიკურ გაერთიანებაში შედის.
„მიმდინარე ამბების ფონზე, როდესაც პოლიტიკოსებს ვერ გაუყვიათ ჯერ მოუგებელ არჩევნებში პრემიერი ვინ უნდა იყოს და ვინ არა, და პარტიები ხან ერთიანდებიან და ხან იშლებიან, რეალურად მძიმე მოვლენები ხდება ქვეყანაში, რომელიც არავის არ ახსოვს და ვერავინ ამჩნევს.
ჯერ იყო და მენეჯერები აბულინგებდნენ თავიან თანამშრომლებს ურცხვად და აგრესიულად, ძირითადად სტუდენტებს, მერე იყო „გლოვოს“ კურიერზე ფიზიკური თავდასხმა, კურიერებს ყოველდღიური შრომის უსაფრთხოების პრობლემა უდგათ. და პირადად მე მქონდა შემთხვევა, როდესაც მსგავსად აბულინგებდნენ მენეჯერები თანამშრომელს ბანკში, ადამიანს, რომლის ხელფასი თვიური არის დაახლოებით 400 ლარი.
საქართველოს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის სამსახურშია, მათი შრომის პირობები და შრომის უფლებები უნდა იყოს დაცული, სხვა შემთხვევაში ახალგაზრდები დატოვებენ ქვეყანას, ამიტომ ეს არის საკითხები, რომელზეც უნდა გამახვილდეს ყურადღება და არა იმაზე, ვინ ვის უერთდება და ვინ რა პოლიტიკურ გაერთიანებაში შედის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ასევე დაგაინტერესებთ