“სანდრო, არ გინდა შარვალი, ისე ჩამოდი!” – ალეკო შუღლაძე

მწერალი, ალეკო შუღლაძე:
ჩემი ახალი პერსონაჟის, საყვარელი სესილის ფინალური მონოლოგის დრო მოვიდა, როცა მივხვდი, რომ საბურთალოზე, ამ ხმაურში, რაიმე ჭკვიანურის თქმა გაუჭირდებოდა და ამიტომ თემქაზე წავედი. იქ მოვკალათდი და ჩაფიქრება ვერც მოვასწარი, როცა ეზოდან პატარა გოგონას ხმა გაისმა:
– სანდრო, რით ვერ ჩაიცვი, სანდრო? ეს ფრაზა კიდევ 10-ჯერ განმეორდა: „სანდრო, რით ვერ ჩაიცვი, სანდრო, ჩამოდი“, „სანდრო, რით ვერ ჩაიცვი, სანდრო, ჩამოდი“. მივხვდი, არსად წავიდოდა და ფარდის უკნიდან ბავშვური ხმით გავძახე: – ვერ ჩამოვდივარ. – რატო? – შარვალი დავკარგე. სანამ გოგონა პასუხს მოიფიქრებდა, დროს მოვიგებდი, მაგრამ ამ დროს ბაბულიამ დაიყვირა ზემოდან: – Таня! ტანიამ არ უპასუხა. – Таня! ისევ სიჩუმე. – Таня! – Да, бабуля! – მე ვუპასუხე ტანიას მაგივრად. – Таня, ты где? – Я здесь бабуля. – Таня, иди домой! – Хорошо, бабуля. სანამ ტანია სახლში ავიდოდა, დროს მოვიგებდი, მაგრამ ხევის მხრიდან ვიღაც ტიპმა სერგოს ასძახა მეექვსეზე: – სერგო! – ჰა?! – ვუპასუხე მე. – გელასთან გავდივარ, რას იზამ? – გადი და გამოვალ. – მალე გამოხვალ? – სანამ თამაში დაიწყება. – იქამდე რა ვაკეთო? – მკიდია, რაც გინდა ის აკეთე. რაღაც ჩაიბურტყუნა და წავიდა. სანამ ეს სერგოსთან იქნებოდა, დროს მოვიგებდი, ბოლოს და ბოლოს სესილი რამეს იტყოდა, მაგრამ ამ დროს კარზე დარეკეს. თითის წვერებზე მივედი და „გლაზოკში“ გავიხედე, მაგული იყო. ვიცოდი, რატომაც მოვიდა, იმ დღესაც იყო მოსული: ვიღაცა „ლევად“ სადარბაზოს ხაზზე დაჯდა, 250 ლარის დენი დახარჯა და მთელი სადარბაზო ფულს ვკრეფთო. მაშინ ვუთხარი, ეგრე ხომ მთელი სადარბაზო *ლეები გამოვდივართ-მეთქი. მაშინ ვერაფერი მიპასუხა და ახლა დაბრუნდა, რომ აეხსნა, რატომ არ გამოვდიოდით *ლეები. კარს ფეხაკრეფით მოვშორდი, ისევ სავარძელში მოვკალათდი, როცა იმ პატარა გოგონას ხმა გაისმა:
– სანდრო, არ გინდა შარვალი, ისე ჩამოდი!

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი – საქართველოსთან დაკავშირებით პოზიტიური რეკომენდაცია ნაკლებად სავარაუდოა და 27 წევრი სახელმწიფოს პოზიტიური გადაწყვეტილება, გახსნან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, კიდევ უფრო ნაკლებად სავარაუდოა