ადეკვატური იქნება მსხვილი ჰესები სახელმწიფოს ფულით აშენდეს და შემდეგ მოხდეს მისი გაყიდვა ინვესტორზე – მაია მელიქიძე

ადეკვატური იქნებოდა მსხვილი ჰესები სახელმწიფოს ფულით აშენდეს და შემდეგ მოხდეს მისი გაყიდვა ინვესტორზე, – ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) აღმასრულებელმა დირექტორმა მაია მელიქიძემ განაცხადა. მისი თქმით, მსგავსი პრეცედენტი იყო ქარის ელექტროსადგურის შემთხვევაში და გაამართლა.
„ვინაიდან ინვესტორი სკეპტიკურად უყურებს მსხვილი პროექტების აშენებას, ჩემი ღრმა რწმენით, ყველაზე ადეკვატური გამოსავალი იქნებოდა, მოხდეს ამ ჰესების მშენებლობა სახელმწიფოს მხრიდან, დაიხარჯოს სახელმწიფოს ფული. ვინაიდან ეს არის ჩვენი გადამხდელების ფული. თუმცა, შემდეგ მოხდეს მისი გაყიდვა ინვესტორზე. თითქმის მსგავსი პრეცედენტი იყო ქარის ელექტროსადგურის შემთხვევაში, როცა საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა ტექნიკურად აიღო აშენების პასუხისმგებლობა, მაგრამ დაფინანსება ამ კონკრეტულ შემთხვევაში გახლდათ არა სახელმწიფოსი, არამედ ევროპის რეკონსტრუქციის განვითარების ბანკის და მას შემდეგ გაიყიდა ის ინვესტორზე, რაც აშენდა და გაეშვა“, – აცხადებს მაია მელიქიძე.
მისი თქმით, იმ ფონზე, რომ წლიდან წლამდე ელექტროენერგიის მოხმარება უცხოური გაზისა და ელექტროენერგიის იმპორტი იზრდება, „მსხვილი ჰესები ჰაერივით გვესაჭიროება“.
„ვინაიდან ამდენი წლის განმავლობაში ვერ აშენდა ეს მსხვილი პროექტები და ამ დროს მოხმარება იზრდება წლიდან წლამდე და ჩვენ, საბოლოო ჯამში, მეტ იმპორტს ვახდენთ აზერბაიჯანიდან გაზის ან შემოგვაქვს იმპორტირებული ელექტროენერგია მეზობელი დან, ამიტომ გადაწყვეტილება სასწრაფოდაა მისაღები და მსხვილი ჰესები ჰაერივით გვესაჭიროება“, – აცხადებს მაია მელიქიძე.