პეტერ ფიშერი – ჩვენ გვსურს საქართველოსთან ძალიან პოზიტიური ურთიერთობა გვქონდეს

ჩვენ გვსურს საქართველოსთან ძალიან პოზიტიური ურთიერთობა გვქონდეს, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
კითხვაზე, ასხამს თუ არა ს წისქვილზე წყალს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის სამხედრო დახმარების გაყინვა, პეტერ ფიშერმა უარყოფითი პასუხი გასცა.
„არა! თქვენ იცით, რომ როდესაც ჩვენ აქ ვდგავართ, ვაშინგტონში ნატო-ს 75-ე საიუბილეო სამიტი მიმდინარეობს და ჩვენი ალიანსი, მე გერმანიის სახელით ვსაუბრობ, სადაც გერმანია წამყვან როლს თამაშობს, რუსეთის აგრესიასა და რუსეთის აგრესიის ნებისმიერ ფორმას ძალიან მკაცრად ეწინააღმდეგება. მხოლოდ იმის გამეორება შემიძლია, რომ ჩვენ გვსურს საქართველოსთან ძალიან პოზიტიური ურთიერთობა გვქონდეს. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ საქართველოსთან ძალიან პოზიტიური კონსტრუქციული ურთიერთობა გვქონდა, გერმანია საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მრავალი ათეული მილიონი ევროთი მხარს უჭერდა და ჩვენ გსურს ამას დავუბრუნდეთ“, – განაცხადა პეტერ ფიშერმა.
პეტერ ფიშერმა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის სამხედრო დახმარების შეჩერებასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების შესახებ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა, რომლის მიხედვითაც, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ მისთვის მსგავსი ტიპის მიკრო გადაწყვეტილებები გაუგებარია.
„საჯაროდ არაერთხელ მითქვამს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და პოლიტიკა ძალიან ადვილი გასაგებია. საკმარისია მისი წაკითხვა. საკმარისია წაიკითხოთ ევროკავშირის ხელშეკრულებები და შემდეგ გაიგებთ, თუ რას წარმოადგენს ევროკავშირი. საკმარისია წაიკითხოთ კოპენჰაგენის კრიტერიუმები და გაიგებთ რა არის საჭირო გასაწევრიანებლად. საკმარისია წაიკითხოთ კომისიის შეფასებები, წაიკითხოთ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, ეს არის 27 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური, ესენი არიან კანცლერი შოლცი, პრეზიდენტი მაკრონი და სხვები. ესენი არიან პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ. ასე რომ, ყველას თავად შეუძლია ნახოს რა დონეა ეს. ეს უმაღლესი დონეა“, – აღნიშნა საქართველოში გერმანიის ელჩმა.
ასევე, საქართველოში გერმანიის ელჩმა განაცხადა, რომ სასწავლო ვიზების გაუქმების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.