„სასამართლო სისტემაში მთავარი გამოწვევა კორპორატივიზმია“ — საია-ს ანგარიში

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მონიტორინგის მორიგ ანგარიშს აქვეყნებს და აცხადებს, რომ სასამართლო სისტემაში მთავარი გამოწვევა იქ არსებული კორპორატივიზმია.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ მართლმსაჯულების რეფორმის არაერთი ტალღისა და საკონსტიტუციო ცვლილებების მიუხედავად, მართლმსაჯულების სისტემა კვლავ სისტემური გამოწვევების წინაშეა. საიას განცხადებით, თუკი წლების წინ ძირითადი პრობლემა ხელისუფლების მიერ სასამართლო სისტემის კონტროლი იყო, დღესდღეობით სტრუქტურის შიგნით გადაინაცვლა და მთავარი მაკონტროლებელი პირები გავლენიანი მოსამართლეები გახდნენ:
„მათ, ხელისუფლებასთან ალიანსში, სრულად მოირგეს მართლმსაჯულების სისტემა და ძირითადი ორგანო – იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც, მისი მრავალფეროვანი ფუნქციების გათვალისწინებით, აკონტროლებს სასამართლოს. ბოლო წლებში საერთაშორისო ორგანიზაციებმა აქტიურად დაიწყეს ხაზგასმა არსებულ კონტექსტზე, კორპორატივიზმზე, საბჭოზე, როგორც ორგანოზე, რომელმაც საზოგადოების ნდობა ვერ მოიპოვა, მართლმსაჯულების ყოვლისმომცველ პროცედურულ დახვეწაზე. ამის საპირისპიროდ, საანგარიშო პერიოდში შემუშავებული ყველა საკანონმდებლო ცვლილება ზედაპირული ხასიათის იყო და სისტემაში არსებული რეალური გამოწვევების მოგვარებას არ ემსახურებოდა. სასამართლოსთან დაკავშირებით შექმნილი მძიმე ვითარების დადასტურება იყო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავლენიანი ჯგუფის წევრებისთვის, მოქმედი და ყოფილი მოსამართლეების – მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ვალერიან ცერცვაძისა და ირაკლი შენგელიასთვის, მნიშვნელოვან კორუფციაში ჩართულობის გამო, ქვეყანაში შესვლაზე პერსონალური შეზღუდვების დაწესება“, — ვკითხულობთ დოკუმენტში.
საია აღნიშნავს, რომ სამწუხაროდ, მმართველმა პარტიამ ხელი შეუშალა პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომელსაც სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის დარღვევები უნდა შეესწავლა. უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი მ კი ეს შეაფასა მოსამართლეების მიმართ „სოლიდარობის აქტად”.
ორგანიზაციაში ხაზს უსვამენ, რომ ორწლიანი დაგვიანებით, პარლამენტმა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები დანიშნა:
„მათი სამუშაო გამოცდილებისა და გასაუბრებების გათვალისწინებით, მოლოდინი იმისა, რომ ახალდანიშნული წევრები სისტემაში არსებულ პრობლემაზე ღიად ისაუბრებდნენ, არ არსებობდა, თუმცა მათ შესვლას საბჭოში ჯანსაღი დისკუსიის სივრცეც კი არ გაუჩენია. სამწუხაროა, რომ სრულად დაკომპლექტებული იუსტიციის საბჭოს პირობებში საკითხები დისკუსიის გარეშე განიხილება და სხდომაზე დამსწრეთა ერთსულოვანი მხარდაჭერა აქვს“, — აცხადებენ საიაში.
საია აღნიშნავს, რომ კვლავ პრობლემად რჩება საბჭოში ე.წ. თავმჯდომარეების კვოტის არსებობა. დოკუმენტის ავტორების თქმით, საანგარიშო პერიოდში საბჭოს არჩეული 8 წევრიდან 4 იმავდროულად კოლეგია/ პალატის თავმჯდომარეობას ითავსებდა.
ამასთანავე, ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ რეგიონებში მდებარე სასამართლოებიდან საბჭოში არცერთი მოსამართლე არ არის წარმოდგენილი, რომლებსაც საშუალება ექნებათ, სხდომებზე რეგიონში არსებულ პრობლემებზე ისაუბრონ.
დოკუმენტის ავტორების თქმით, საანგარიშო პერიოდში კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა, რომ საბჭო მის ხელთ არსებულ ბერკეტებს გავლენიანი ჯგუფის გასაძლიერებლად და განსხვავებული აზრის ჩასახშობად იყენებს.
საიას თქმით, იუსტიციის საბჭომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს სამწლიან გამოსაცდელ ვადაში დანიშნული მოსამართლე, ნინო გიორგაძე უვადოდ არ გადანიშნა:
„არსებობდა ეჭვები, რომ ნინო გიორგაძის არდანიშვნა უკავშირდებოდა მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და განსხვავებულ შეხედულებებს, რომელსაც იგი 2021 წლის დეკემბერში კლანის გასაძლიერებლად ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე საჯაროდ აფიქსირებდა. საბჭოს მიერ ჩატარებული კონკურსების მიმართ ნდობის არარსებობის ნათელი მაგალითია ბოლო წლებში გამოცხადებულ ვაკანსიებზე კანდიდატთა მცირე რაოდენობა და ინტერესი“ — აცხადებენ ორგანიზაციაში.
დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ საანგარიშო პერიოდში კვლავ გაგრძელდა გავლენიანი ჯგუფისა და მათთან დაახლოებული პირების როტაცია სისტემაში მნიშვნელოვან თანამდებობებზე. საია ხაზს უსვამს, რომ დამოუკიდებელი ინსპექტორის, ზურა აზნაურაშვილის თანამდებობიდან ვადაზე ადრე წასვლის შემდგომ იგი ჩაანაცვლა საბჭოს ყოფილმა არამოსამართლე წევრმა შოთა ქადაგიძემ.
ამასთანავე, ორგანიზაციის თქმით, საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა საბჭოს წევრი ბადრი შონია ჩაანაცვლა იუსტიციის სკოლის დამოუკიდებელ საბჭოში. ორგანიზაციაში ხაზს უსვამენ, რომ დიმიტრი გვრიტიშვილს ეს თანამდებობა უკვე ეკავა, სანამ საბჭოს წევრი ხელმეორედ გახდებოდა.
ამასთან, საია აღნიშნავს, რომ გამოწვევად რჩება საბჭოს ფართო და მრავალფეროვანი უფლებამოსილებები. მათ შორის, მისი როლი იუსტიციის სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრებისა და თავმჯდომარის შერჩევისას.
საია-ს ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საანგარიშო პერიოდში იუსტიციის საბჭომ მხოლოდ 1 სადისციპლინო სხდომა ჩაატარა. კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ საჩივრების სიმრავლის მიუხედავად, რომელთა უმეტესობაც გაჭიანურებულ მართლმსაჯულებას ეხება, საბჭო არ დგამს ქმედით ნაბიჯებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად, რაც მათი შეფასებით დისციპლინური სამართალწარმოების დროში გახანგრძლივების პირობებში ინდივიდუალურ მოსამართლეებზე ზეწოლის ეფექტიანი ბერკეტია.
საიას თქმით, მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა გამჭვირვალობის კუთხითაც. საია აცხადებს, რომ საანგარიშო პერიოდში გაგზავნილ რვა წერილზე პასუხი არ მიუღიათ, რაც მნიშვნელოვნად ართულებს მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანიზაციების მუშაობას.
ამასთან, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საბჭოს ვებგვერდზე არ აუტვირთავს არცერთი სხდომის ოქმი, ასევე, 2023 წლის 2 ივნისის შემდეგ არ გამოუქვეყნებია მიღებული გადაწყვეტილებები და კანონით დადგენილ ვადაში საიტზე არ განთავსებულა არცერთი სხდომის თარიღი და დღის წესრიგი, რეგულარულად ხდებოდა მათი შეცვლა/გადადება, დღის წესრიგიდან საკითხების მოხსნა.

ასევე დაგაინტერესებთ