საზღვაო საკონტეინერო გადაზიდვების გაძვირების მიუხედავად, მოთხოვნა არ შემცირდება – SKYLOG

საზღვაო საკონტეინერო გადაზიდვების გაძვირების მიუხედავად, მოთხოვნა არ შემცირდება, – ამის შესახებ ლოგისტიკური კომპანია SKYLOG-ის დამფუძნებელმა გიორგი ზუმბაძემ გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” განაცხადა.
მისივე შეფასებით, გადაზიდვების ფასის ზრდა მომხმარებლებისთვის როგორც ფინანსური, ისე ფსიქოლოგიური კუთხით მტკივნეულია.
“ლოგისტიკური კომპანიები და გადამზიდავები ვერ ვწყვეტთ რა იქნება საზღვაო ხაზის ან კონტეინერის გადაზიდვის ღირებულება. ამას არეგულირებს საზღვაო ხაზების “მონსტრები”. ჩვენ ალტერნატივა არ გვაქვს, ვერგებით იმას რაც არის.
ყველაფერს ვერც ჰაერით წაიღებ, ვერც სახმელეთო ტრანსპორტით, რკინიგზით, რადგან უფრო ძვირი ჯდება. შესაბამისად, ზღვაზე მოთხოვნა არ შემცირდება. წინა თვის მონაცემებით, როგორც კი საზღვაო გადაზიდვები გაძვირდა, რკინიგზაზე მოთხოვნა გაჩნდა. თუმცა, რკინიგზაზე მოთხოვნის მატება არ იყო კოლოსალური. შესაბამისად, საზღვაო გადაზიდვებზე მოთხოვნა ისევ დარჩება რა ფასიც არ უნდა ჰქონდეს”, – აცხადებს გიორგი ზუმბაძე.
გარდა ამისა, მან საჰაერო გადაზიდვების ღირებულებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს სეზონურობაზეა დამოკიდებული და ვერ ვიტყვით, რომ ამ მიმართულებით ფასები კატასტროფულად არის გაზრდილი.
ცნობისთვის, საზღვაო საკონტეინერო გადაზიდვები ისევ გაძვირდა. ამჟამად, 40-ფუტიანი კონტეინერის გადაზიდვის ფასი 8000 დოლარს აჭარბებს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ COSCO SHIPPING LINES-ის გაყიდვების გენერალურმა მენეჯერმა გივი ჩაჩანიძემ განუცხადა, მიზეზი კვლავ წითელი ზღვის კრიზისია.

bp.ge

ასევე დაგაინტერესებთ