რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური – ამერიკელმა „კურატორებმა“ საქართველოში ოპოზიციურ ძალებს უკვე მისცეს ბრძანება, რომ არჩევნებთან დაკავშირებული საპროტესტო აქციების დაგეგმვა დაიწყონ

ამერიკელმა „კურატორებმა“ საქართველოში ოპოზიციურ ძალებს უკვე მისცეს ბრძანება, რომ არჩევნებთან დაკავშირებული საპროტესტო აქციების დაგეგმვა დაიწყონ, – ამის შესახებ ინფორმაციას ს სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრეს-ბიუროზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებით, „გათვალისწინებულია აქციის მონაწილეთა შორის „საკრალური მსხვერპლი“, რომელიც „ხალხის რისხვას“ უსაფრთხოების ძალებისკენ მიმართავს“.
„ამერიკელ ოსტატებს პროვოკაციების დიდი გამოცდილება აქვთ. საკმარისია გავიხსენოთ მაიდანი ათი წლის წინ, სადაც ასობით ადამიანი, მათ შორის, ქართველი დაქირავებული სნაიპერების მიერ დახვრეტილი, „დემოკრატიის სამსხვერპლოზე“ დაასვენეს“, – აღნიშნეს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურში.
ასევე, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურში განაცხადეს, რომ ანტისამთავრობო განწყობების გაღვივებაში მთავარი როლი სალომე ზურაბიშვილმა უნდა ითამაშოს.
„როგორც „ვაშინგტონელ რეჟისორებს“ აქვთ ჩაფიქრებული, სახელმწიფოს მეთაური ერთ-ერთ ამერიკულ მედიასაშუალებას ინტერვიუს მისცემს, რომელშიც საქართველოს მთავრობას თბილისის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესის დეგრადაციაში დაადანაშაულებს და ფართო საზოგადოებას „მოსკოვთან დაახლოების კატასტროფული შედეგებისა“ და რუსეთიდან რელოკანტების მიერ საქართველოსთვის მიყენებული ზიანის შესახებ გააფრთხილებს. ამავდროულად, ვაშინგტონი ზურაბიშვილის მეშვეობით „ქართული ოცნებისთვის“, ოპოზიციის მხრიდან ამომრჩევლების გარკვეული სახის პოლიტიკური სიურპრიზისთვის მომზადებას აპირებს, რაც საბოლოოდ შეიძლება მორიგი ფერადი რევოლუცია აღმოჩნდეს“, – აცხადებენ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრეს-ბიუროში.

ასევე დაგაინტერესებთ