უკრაინაზე რუსეთის არმიის გუშინდელი მასიური სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 40-ს გადააჭარბა. სამშაბათს დილით, ცნობილი იყო 38 დაღუპულის შესახებ. მოგვიანებით, კიევის ქალაქის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ შევჩენკოს რაიონში საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევების გაწმენდის დროს კიდევ ოთხი ადამიანის ცხედარი იპოვეს.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა იმ ადგილებში მიმდინარე სამაშველო და აღდგენის ოპერაციების კადრები, რომლებზეც წუხელ რუსეთის სარაკეტო დარტყმები განხორციელდა.
8 ივლისს, რუსეთის სამხედრო ძალებმა სხვადასხვა ტიპის რაკეტებით მიიტანეს იერიში უკრაინის დედაქალაქ კიევსა და რამდენიმე რეგიონზე. ყველაზე დიდი მსხვერპლი კიევსა და დნეპროპეტროვსკის ოლქშია.
რუსეთის სარაკეტო შეტევისას კიევში დაინგრა ბავშვთა საავადმყოფო „ოხმატდეტის“ ერთი კორპუსი. საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაიღუპნენ კლინიკის ექიმი და ერთ-ერთი პაციენტის ნათესავი. დაიჭრა 50-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 7 ბავშვი. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ჯერ კიდევ გრძელდება.
ნაწილობრივ დაინგრა კერძო სამედიცინო ცენტრი „ადონისიც“, სადაც 9 ადამიანი დაიღუპა.
9 ივლისი უკრაინის დედაქალაქ კიევში გლოვის დღედ არის გამოცხადებული.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კიევში სამოქალაქო ობიექტებზე, მათ შორის საავადმყოფოზე დარტყმა უარყო და განაცხადა, რომ ნგრევა გამოიწვია უკრაინის საჰაერო თავდაცის სისტემის რაკეტის ჩამოვარდნამ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, 8 ივლისს, მაღალი სიზუსტის იარაღით შეუტიეს უკრაინის სამხედრო მრეწველობის ობიექტებს და საავიაციო ბაზებს და ეს იყო პასუხი უკრაინის მცდელობებზე, რუსეთის ტერიტორიაზე დაარტყას ენერგეტიკის ობიექტებს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ცინიზმი უწოდა რუსეთის განცხადებას, რომ კიევში ბავშვთა საავადმყოფოს ნგრევა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტამ გამოიწვია. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საავადმყოფოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია რუსული ფრთოსანი რაკეტის(Х-101) ფრაგმენტები. უკრაინამ სისხლის სამართლის საქმე ომის დანაშაულის მუხლით აღძრა.
სამოქალაქო ობიექტებზე რუსეთის სარაკეტო დარტყმების გამო უკრაინამ მოითხოვა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა. სხდომა 9 ივლისს გაიმართება.
ფორუმი