„ბიზნეს-დაშორების ინიციატორი ჩვენ არ ვყოფილვართ“ – ROOMS Holding-იდან წასვლის მიზეზი

„ბიზნეს-დაშორების ინიციატორი ჩვენ არ ვყოფილვართ“ – ასე უპასუხა ვალერი ჩეხერიამ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის კითხვას, რომელიც ბიზნესმენ თემური უგულავას კომპანია ROOMS Holding-იდან, დაბრუნებიდან ერთ წელიწადში, მისი და ლევან ბერულავას წასვლის მიზეზს შეეხებოდა. ამასთან, ორივე აცხადებს, რომ ROOMS Holding-ში საკუთარი თავი ამოწურეს და გადაწყვიტეს, ახალ პროექტებზე დამოუკიდებლად იმუშაონ, როგორც საქართველოში, ისე – საზღვარგარეთ. ლევან ბერულავა და ვალერი ჩეხერია საკონსულტაციო კომპანია Hospitality Projects-ს ფლობენ და ახალი პროექტებისთვის და ახალ პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის უკვე მზად არიან.
– „დავბრუნდით ხანგრძლივად“ – ასე თქვით შარშან BMG-სთან ინტერვიუში, როდესაც პირველად წასვლის შემდეგ, „აჭარა ჯგუფში“ დაბრუნდით. მოგვიყევით, ასე სწრაფად რატომ დაესვა წერტილი ხანგრძლივად დაბრუნების გეგმას?
ლევან ბერულავა: ხანგრძლივად დავბრუნდით საქართველოში…
– ეს იგულისხმეთ?
ლევან ბერულავა: დიახ…
– ჩვენ კიდევ ჩავთვალეთ, რომ ROOMS Holding-ში ხანგრძლივად დაბრუნება იგულისხმეთ. ასეც იყო საუბარი…
ვალერი ჩეხერია: ROOMS Holding-ში ბევრი წარმატებული პროექტი მივიყვანეთ ბოლომდე და ახლებიც დავიწყეთ – Rooms Holding-ი ცალკე გამოეყო ჯგუფს, ბევრი საქმის გაკეთება მოვასწარით – გაიხსნა ROOMS Batumi, რომელიც Rooms-ის მეოთხე სასტუმროა; ბაკურიანში ROOMS-კოხტას re-opening-ი გაკეთდა, განვავითარეთ ROOMS Bakery-ს მიმართულება. ასევე, შარშან გამოჩნდა ბაზარზე ROOMS-ის კიდევ ერთი ახალი მიმართულება ROOMS Catering-ის ბრენდის სახით. Rooms Hotel-ის ბონდების გამოშვებაც იგეგმებოდა და ა.შ. მგონია, რომ რაღაც დონეზე ამოვწურეთ ამ კომპანიაში საქმიანობის რესურსი და გადავწყვიტეთ, ჩვენი გზები გაყრილიყო და ჩვენი საკონსულტაციო კომპანია Hospitality Projects-ით აქტიურად დაგვეწყო მუშაობა. ROOMS Holding-ში დავტოვეთ ძალიან ძლიერი გუნდი, რომელსაც დიდ წარმატებას ვუსურვებ და დარწმუნებული ვარ, ძალიან საქმეს ძალიან კარგად წარუძღვებიან.
ლევან ბერულავა: დიახ, დავტოვეთ გუნდი, რომელიც 2023 წელს, ჩვენი დაბრუნების შემდეგ, დავაბრუნეთ კომპანიაში. ამ ერთი წლის განმავლობაში, ერთად ბევრ რაღაცას მივაღწიეთ და ROOMS Holding-ს ვუსურვებ წარმატებებს; მათი გულშემატკივარი დავრჩები.
– “10 წლის შემდეგ ჩემი და თემურ უგულავას შეხედულებები რაღაც ნაწილში განსხვავებული გახდა და მე გადავწყვიტე, რომ დამეტოვებინა კომპანია და წამოვსულიყავი და დამეწყო რაღაც ახალი…“ – ეს ამონარიდია ერთ-ერთი ძველი ინტერვიუდან… წასვლის მიზეზი არც მაშინ დაგიკონკრეტებიათ და როგორც ვხვდები, არც ახლა აპირებთ…
ვალერი ჩეხერია: როგორც უკვე ვთქვით, მიგვაჩნია, რომ კომპანიაში ჩვენს მაქსიმუმს მივაღწიეთ და ორივე მხარის გადაწყვეტილება იყო, საქმიანად გავყრილიყავით.
– ბიზნეს-დაშორების ინიციატორი ვინ იყო?
ვალერი ჩეხერია: ბიზნეს-დაშორების ინიციატორი ჩვენ არ ვყოფილვართ.
– რამდენად კმაყოფილი იყო ROOMS Holding-ის მფლობელი, ბიზნესმენი თემურ უგულავა შედეგებით და რა იყო ის ძირითადი დავალებები თუ პროექტები, რაც ბოლომდე უნდა მიგეყვანათ?
ლევან ბერულავა: ყველაფერი თანხმდებოდა… ერთად ვსაზღვრავდით გეგმებს და მიზნებს და ჩემი აზრით, {თემურ უგულავა} შედეგებით ძალიან კმაყოფილი იყო.
ვალერი ჩეხერია: ამას აჩვენებს კომპანიის ფინანსური შედეგები…. მომხმარებლის უკუკავშირი, რომელსაც სულ ვგრძნობდით და ვხედავდით…
– ამიტომაც გაგვიკვირდა ასე მალე წასვლა ROOMS Holding-დან…
ლევან ბერულავა: დგება ასეთი დროც… ჩვენც საკმაოდ გავიზარდეთ და დროა, მივხედოთ ახალ პროექტებს როგორც საქართველოში, ისე – უცხოეთში, რადგან ROOMS Holding-ში მუშაობის პარალელურად ამის საშუალება არ გვქონდა. ახლა კი, გვექნება შესაძლებლობა.
ვალერი ჩეხერია: ვრჩებით საქართველოში. გვაქვს საკონსულტაციო კომპანია Hospitality Projects-ი, რომელიც სტუმარმასპინძლობის სექტორში საჭირო ყველა სერვისს მოიცავს.
– შეიძლება, ROOMS Holding-ში მესამედაც დაბრუნდეთ…
· ლევან ბერულავა: არასოდეს თქვა, არასოდეს….
bm.ge

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ეკატერინე გალდავა